პოლიტიკა

რომან კაკულია – 2030 წლისთვის ევროკავშირისა და რუსეთის სამხედრო დაპირისპირება გარდაუვალია, გაფართოების ანგარიში არის, ფაქტობრივად, ქვეყნების მოწვევა რუსეთთან დაპირისპირებაში ჩართვისკენ

ევროკომისიის გაფართოების ანგარიში, ფაქტობრივად, არის ანგარიში, რომელიც არის მიწვევა ქვეყნების რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებაში ჩართვისაკენ, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაციის, „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„რამდენიმე ხნის წინ, გაზაფხული იყო მაშინ, გამოქვეყნდა ევროკავშირში სულ სხვა ტიპის ანგარიში, რომელსაც ერქვა მზაობა ევროკავშირის უსაფრთხოებისათვის. ეს არის დოკუმენტი, რომელიც ხელმისაწვდომია და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ნახოს. დოკუმენტი იმ 800 მილიარდის დახარჯვას ეხებოდა, რომელიც უნდა მოიძებნოს უახლოეს სამ-ოთხ წელიწადში და ჩვენ შეგვიძლია, ცალსახად ვთქვათ, რომ ევროკავშირი ემზადება რუსეთთან ომისათვის. ეს დოკუმენტი არის ამის აუცილებელი მაგალითი და ვისაც უნდა, გაერკვეს ამ ყველაფერში, ამ დოკუმენტს აუცილებლად უნდა იცნობდეს. ეს არის დოკუმენტი, რომელიც, პრინციპში, ევროკავშირის წევრ თუ კანდიდატ ქვეყნებს უსახავს კონკრეტულ მიზნებს, რომ მილიტარიზაციის პროცესში ჩაერთონ მთელი თავიანთი სიმძლავრით. იქ საუბარია, როგორ უნდა მოხდეს კერძო სექტორის ჩართვა ამ შეიარაღებაში, საუბარია შესყიდვაზეც. თავიდან დიდი მსჯელობა იყო, ევროკავშირი თვითონ შეძლებს ამ შეიარაღებისთვის საჭირო წარმოების გააქტიურებას თუ ამერიკის იარაღის შესყიდვაზე უნდა იყოს ორიენტირებული, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ახლა ისეთი რაღაცები ხდება, ჩვენ ხუთი წლის წინ რომ ვერც წარმოვიდგენდით. მოდით, ასეთი კუთხით დავფიქრდეთ იმაზე, რომ გარდაუვალია 2030 წლისთვის ევროკავშირსა და რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება. მე ამას ასე ვხედავ. ამიტომ ახლა გაფართოების ანგარიში, ფაქტობრივად, არის ანგარიში, რომელიც არის მიწვევა ქვეყნების რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებაში ჩართვისაკენ. ანუ, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის მიწვევა, შეგიძლიათ თუ არა თქვენ და ხართ თუ არა თანახმა, იყოთ ბუფერული ზონა საომარ მოქმედებებში, რომელიც დაიწყება 2030 წლისათვის ჩვენსა და რუსეთს შორის“, – განაცხადა კაკულიამ.

მისი თქმით, ჩვენ დემოკრატიული სამყაროს მიმართ ჩამოყალიბებული ძალიან საკრალური დამოკიდებულება ხანდახან ხელს გვიშლის, გავიგოთ, რა არის რეალური პოლიტიკა.

„სამწუხაროდ, პოლიტიკური ინტერესები როდესაც იქმნება, იქ მორალური და, ხანდახან, ეკონომიკური ინტერესებიც კი უკანა მხარეს გადადის. ამის მთავარი მიზანია, როგორმე მოხდეს რუსეთის სერიოზული შეტევა ევროპის თუნდაც რომელიმე ქალაქზე, რათა შემდეგ ტრამპმა თავის მიერ დეკლარირებული პოზიცია, ფრაზა – ეს ჩემი ომი არ არის და ბაიდენის დაწყებული ომია, შეცვალოს. ამას ემსახურება რაკეტების და დანადგარების გადაცემა. დამერწმუნეთ, აქ ახლა მთავარი მიზანია, რუსეთმა განახორციელოს ერთი ისეთი გასროლა და დარტყმა მაინც ევროპის რომელიმე ქალაქზე, რომ ტრამპს უკვე აღარ ჰქონდეს იმის საშუალება, გაემიჯნოს ომს ისე, როგორც თითქოს ახლა ემიჯნება“, – განაცხადა კაკულიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ არის ანგარიში ასეთი კრიტიკული საქართველოს მიმართ და რა გააკეთეს მოლდოვამ და უკრაინამ ისეთი, რაც არ გაუკეთებია საქართველოს, რომან კაკულიამ განაცხადა, რომ ეს არ არის განხილვის მთავარი საკითხი.

„დამერწმუნეთ, ეს არ არის აქ განხილვის მთავარი საკითხი. უკრაინა რაშია ჩართული ხედავთ, მოლდოვაში ახლა მოსულია ძალა, რომელიც, პრინციპში, თანხმობას აცხადებს იმაზე, რაზეც მე გეუბნებით, რომ ჩვენ მზად ვართ, ვიყოთ სამხედრო დაპირისპირებაში, თქვენ რომ გამოგადგებით, ის ქვეყანა 2030 წლისთვის და საქართველო არ აცხადებს ამ მზაობას“, – განაცხადა კაკულიამ.

როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაციის, „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა აღნიშნა, სამწუხაროდ, ევროკავშირის ელჩი არის მხარე.

„დღეს პრესკონფერენცია იყო ევროკავშირის ელჩის, ორმა ჟურნალისტმა დასვა შეკითხვა და ის მხარეა. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ელჩი არის უბრალოდ მხარე, რაც გამოიხატა კიდეც. სხეულის ენა ხომ ვიცით, არის ასეთი ტერმინი, არა? ერთი ჟურნალისტის მიმართ მისი პასუხი იყო რაღაცნაირი, მეორე ჟურნალისტი კი იყო მისიანი. აღარ მინდა, ახლა დავკონკრეტდე, რომელი ჟურნალისტის მიმართ რა იყო, მაგრამ მხარეა აშკარად და არ არის ამხელა თანამდებობის, ასეთი გამოცდილების მქონე ადამიანისგან ეს კარგი. ყველა ელჩს ვიცნობდი, ამის გარდა, პირადად, ვინც კი ყოფილა, დაწყებული პირველი ელჩიდან, და ჩვენ იმაზეც ხომ უნდა დავფიქრდეთ, ეს ყველაფერი 2022 წლის შემდეგ განსაკუთრებით რომ შეიცვალა“, – განაცხადა კაკულიამ.

მისივე თქმით, ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც გამოდის, კონცენტრირდება რუსთაველზე, ადამიანის უფლებებზე, მთელ რიგ თემებზე, იკრიბებიან იმ ტელევიზიებში, რომლებიც თავს კრიტიკულს უწოდებენ და ჟურნალისტის მიერ არცერთი კითხვა არ ისმება, რუსეთთან რას აპირებენ?

„ჟურნალისტის მიერ არცერთი შეკითხვა არ არის დასმული ასეთი, რომ, დავუშვათ, გავიგეთ თქვენი პოზიცია, ევროპა თქვენ რომ გესმით, რა კარგი რამეა და ჩვენ რომ არ გვესმის, მაგრამ რუსეთთან რას აპირებთ საერთოდ? მარტო არის დახასიათება ემოციური, თუ რა ცუდი სივრცეა რუსული სივრცე და როგორ შეიძლება მაგის ევროპასთან შედარება, მაგრამ რომ იძახით, „ქართული ოცნება“ არის „რუსული ოცნება“ და ვებრძვით რა „ქართულ ოცნებას“, ვებრძვით რუსეთს, კარგი, დავამარცხეთ, დავუშვათ, ეს „ქართული ოცნება“, წავიდა და მოხვედით თქვენ, შეკითხვა ხომ არის, თქვენ რუსეთთან რას აპირებთ? როგორ აფასებთ კი არა – როგორ აფასებთ, გავიგე – რას აპირებთ რუსეთთან, რომელთანაც მთელი ევროპა რვა მილიარდს ეძებს, რომ სამხედრო დაპირისპირებაში შევიდეს და ერთმა ჟურნალისტმა ხომ უნდა დასვას ეს შეკითხვა, ხომ არის საინტერესო, რას აპირებენ ესენი, რას ფიქრობენ უბრალოდ? იქნებ მოგვეწონოს მაგათი იდეები და ხვალვე ჩვენ თვითონ ვამბობთ უარს „ქართულ ოცნებაზე“ და ვფიქრობთ, ეს რა გადასარევი აზროვნება ჰქონია ამ ხალხსო“, – განაცხადა კაკულიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა