საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური ბანაკის არსებობის პერიოდში მსოფლიო პოლიტიკის მიმართულებას განსაზღვრავდა დაპირისპირება ორ პოლუსს – სოციალისტურ და კაპიტალისტურ სამყაროებს შორის. სოციალისტური სისტემის დანგრევის შემდეგ სამყარო გახდა ერთპოლუსიანი. მსოფლიოს ჰეგემონია ხელში აიღო დასავლურმა სამყარომ ამერიკის შეერთებულმა შტატების ლიდერობით, – წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე.
ის აღნიშნავს, რომ აშშ-ს ეს ჰეგემონია, უპირველეს ყოვლისა, იდგა დოლარის პრიმატზე მსოფლიოში, რომელზე დაყრდნობითაც ის აკონტროლებდა და პოლიტიკურ დღის წესრიგს უდგენდა არა მხოლოდ ევროპის ქვეყნებს (რომლებთანაც ამერიკას ყოველთვის ჰქონდა ღია თუ ფარული კონკურენცია), არამედ აგრეთვე მისდამი არაკეთილგანწყობილ რუსეთს, ჩინეთს, არაბულ ქვეყნებს, ირანს, ანუ ნავთობითა თუ სხვა ბუნებრივი სიმდიდრეების მფლობელ მდიდარ ქვეყნებს, ვინაიდან ყველაფერი ეს იყიდებოდა დოლარში, რომელსაც ერთი ამერიკული ოჯახი (გვარი) ფაქტობრივად სახლის პირობებში ბეჭდავდა.
„90-იანი წლებიდან მოყოლებული, ევროპის და აზიის ქვეყნები განსხვავებული ცხოვრების წესით, ტრადიციებით თუ რელიგიით ახერხებდნენ საკუთარი ინდივიდუალიზმისა და გარკვეული დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. 2000 წელს ევროპის ქვეყნები ახალი ვალუტის, ევროს შემოღებით შეეცადნენ დოლარზე დამოკიდებულებიდან თავის დაღწევას, რაც მრავალ მიზეზთა გამო უშედეგო აღმოჩნდა.
დღეს ყველა აღიარებს მსოფლიოში არსებული ე. წ. დიფსთეითის (ფარული მმართველობის) არსებობას. როგორც ჩანს, სწორედ დიფსთეითის გადაწყვეტილება იყო მსოფლიოში საკუთარი ჰეგემონიის განვრცობისა და გამყარების ახალი გზების ძიება, რისთვისაც დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ საჭიროდ ჩაითვალა მსოფლიოში არსებული ერებისა და ხალხების ინდივიდუალიზმის მოშლა და ადვილად სამართავი, ერთიან იდეოლოგიას დაქვემდებარებული მოსახლეობის გაჩენა ჯერ საკუთარი გავლენის ქვეყნებში, შემდეგ კი მისთვის სასურველი მიმართულებით არსებულ ტერიტორიებზე.
ამ გეგმამ შესანიშნავად იმუშავა, წარმატებით გამოიყენეს რა საბჭოთა ერთპარტიული რეჟიმის შიგნით არსებული წინააღმდეგობები და ეკონომიკური პრობლემები, მათ მოახერხეს საბჭოთა კავშირისა და მთელი სოციალისტური სისტემის დაშლა.
მსოფლიომ დაგმო კომუნისტური დიქტატურა და დასავლეთმა ხელში აიღო დემოკრატიის დროშა. ასე შეიქმნა იდეოლოგია მსოფლიოს დემოკრატიული მმართველობისა, რომელიც უნდა მდგარიყო ადამიანის უფლებებზე. თუმცა, როგორც ზღაპრებში ხდება, „მზეჭაბუკმა ურჩხული დაამარცხა და თვითონ დაიწყო ურჩხულად გადაქცევა”. თითქმის მაშინვე, 90-იანი წლების დასაწყისიდან გლობალისტურმა ძალებმა შეიმუშავეს საკუთარ ინტერესებზე და მსოფლიოს მმართველობაზე მორგებული დოქტრინა, დაიწერა უამრავი ნაშრომები და სახელმძღვანელოები, რომელიც სწრაფად ვრცელდებოდა და სულ უფრო და უფრო იპყრობდა ადამიანის ყურსა და გულს.
საქმეში ჩართეს სამედიცინო სფერო, რომელმაც ასწლეულების განმავლობაში დაავადებად აღიარებული სექსუალური გადახრები გააუქმა და დაბადებიდან თანდაყოლილი ან შემდგომ შეძენილი ჰორმონალური დარღვევები ავადმყოფობის ნაცვლად ნორმად გამოაცხადა.
საზოგადოების აზროვნებისა და ცნობიერების დამაზიანებელი, ამ ახალი დოქტრინის პროპაგანდისტების როლი დაეკისრათ უფლებადამცველ არასამთავრობოებს, ომბუდსმენებს, ევროპული ქვეყნების კავშირებს, ევრო სასამართლოს, ევროკომისიას, ევროსაბჭოს და სხვებს.
მათ მიერვე შექმნილ ადამიანის უფლებათა სახელმძღვანელოებშიც კი მანამდე არ არსებული, სექსუალური უმცირესობების ცხოვრების წესი მათ აქციეს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებად. უფრო მეტიც, ნორმიდან გადახრილი სექსუალური ცხოვრების წესის დაცვა, უმთავრეს პრიორიტეტად გამოცხადდა დანარჩენ უფლებათა შორის. შემდეგ უკვე ერთნაირსქესიანთა ქორწინებების დაშვება და მათ მიერ შვილად აყვანა მთელ რიგ ქვეყნებში კანონის ჩარჩოებში ჩასვეს ანუ დააკანონეს.
როგორც ჩანს, დიფ სთეითს მიაჩნდა, რომ მსოფლიო მარტივად სამართავი გახდებოდა მაშინ, როცა საზოგადოების უმრავლესობა ან ლგბტ-ს წევრი გახდებოდა ან მათი ცხოვრების წესის პროპაგანდისტი.
პარალელურად დანაშაულად ცხადდებოდა კრიტიკული ან ლგბტ ცხოვრების წესის საწინააღმდეგო მოსაზრებები, ხოლო ასეთი აზრების გამომხატველები ცხადდებოდნენ კეთროვანებად და საზოგადოების ხორცმეტებად.
სწორედ ასეთი პოლიტიკით მახვილი ჩასცეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებას.
ერთპოლუსიანი მმართველობის მარწუხების მოჭერასთან ერთად, ძლიერდებოდა და ფარულ ალიანსებს ქმნიდა მრავალპოლუსიანი მსოფლიო.
მართალია, ამას საკმაო დრო დასჭირდა, მაგრამ როგორც ეს დღეს ჩანს, კონსერვატორთა, ჯანსაღი წესით მცხოვრებთა და ტრადიციულ ღირებულებათა დამცველთა რევანში დაწყებულია, რომელსაც შედეგიანი მომავალი ნამდვილად აქვს.
თუ ორ პოლუსიანი სამყაროს არსებობის დროს პოლუსებს შორის იყო კონკურენცია, რომელიც უზრუნველყოფდა გარკვეულ ბალანსს სამხედრო სიძლიერესა და საზოგადოების ღირებულებით ცხოვრებას შორის, ერთ პოლუსიანი სამყაროს შექმნის შემდეგ ეს ყველაფერი ერთ ხელში მოექცა და ყველა დანარჩენის მიმართ ამ ერთს გაუჩნდა მონური და მომხმარებლური დამოკიდებულების სურვილი.
გარკვეული ქვეყნების ფარულმა ალიანსებმა ათეული წლები მოახმარეს საკუთარ მოძლიერებას. როგორც კი იგრძნეს, ერთი პოლუსის ჩამოშლის და რამდენიმე პოლუსის გაჩენის შესაძლებლობა, მათ ფაქტობრივად ღიად, საზოგადოებისათვის დასანახი საჯაროობით დაიწყეს არსებული პოლიტიკის მანკიერებების გამომზეურება.
მაგალითად, ასე მოიქცნენ ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია, არაბული ქვეყნები და რუსეთი. უკანასკნელ წლებში ამას მოჰყვა აშშ-ს და ნატოს უძლეველობის, აგრეთვე ევროკავშირის დემოკრატიულ ღირებულებათა მამობის მითების დანგრევა და მათი რეალური სახის ჩვენება. ჩინეთმა ეკონომიკური და ნანო ტექნოლოგიური განვითარებით ჩამოშალა ის მითი, რომ თითქოს ესეთი მიღწევები მხოლოდ ამერიკაშია შესაძლებელი.
როგორც ჩანს, აღნიშნული ქვეყნები დღეს აშშ-ს დოლარის დომინირების დასრულების გეგმებსაც აწყობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკამ ფიქრი და ძალისხმევა ერთადერთობის შენარჩუნების ნაცვლად უნდა მიმართოს იმისკენ, რომ შეინარჩუნოს ერთ-ერთი ლიდერის ფუნქცია მრავალპოლუსიან სამყაროში.
ვფიქრობთ, ეს კარგად აქვს გაცნობიერებული აშშ-ს დღევანდელ პრეზიდენტს და ამით არის განპირობებული მისი პოლიტიკა რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ.
სავარაუდოდ, ტრამპმა ზუსტად იცის, რომ ლიბერალური დიქტატურის მსხვერპლი, დაშლილი და განადგურებული უკრაინა, ბუნებრივი სიმდიდრეების ფლობისა და უკრაინელი ხალხის სიმამაცის მიუხედავად, მომავალში ვეღარ იქნება ვერც ევროპის უდიდესი ქვეყანა და ვერც მრავალპოლუსიან მმართველობაში ერთ-ერთი. დასავლეთისადმი გულუბრყვილოდ მინდობილ სახელმწიფოს მოუწევს ამ შეცდომის გამო მძიმე ხარკის გადახდა. სწორედ ამით არის განპირობებული აშშ-ს მხრიდან ანგარიშის გაწევა რუსეთისა და ჩინეთისთვის.
დღევანდელი რეალობა ტრამპს კარნახობს უარი თქვას ევროპის დაცვის ვალდებულებაზე.
მხოლოდ ქართულმა პოლიტიკურმა ოპო-ისტაბლიშმენტმა ვერ გაიგო (ან არ უნდა გაგება), რომ დასრულდა ერთპოლუსიანი მსოფლიო. ისინი ამას ალბათ არც არასდროს აღიარებენ, რადგან ამის პარალელურად მოუწევთ იმის აღიარებაც, რომ თავის „გენიალურ” გათვლებში შეცდნენ, რისი დაშვებაც სიკვდილზე მეტად აშინებთ. ალბათ ამიტომაც აზროვნებენ და მოქმედებენ 90-იანი წლების კატეგორიებით.
საოცრება ის არის, რომ პროპაგანდის ბურუსში გახვეული ის ხალხი მოქმედებს 30-იანი წლების კომკავშირელებისა და კომუნისტების ხერხებით და მეთოდებით, რომლებსაც ერთი დღეც არ უცხოვრიათ საბჭოთა კავშირში. ამ უმძიმესი მოვლენის დადებით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ მხოლოდ ამ ნეო-კომკავშირელებისთვის არის ეს უბედურება, ვინაიდან ამით ისინი ქვეყანას ვერ აზიანებენ.
მთავარია, საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯები მიესადაგოს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს.
ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა ისე წარიმართოს, რომ უპირველესად მოხდეს დიალოგის დაწყება რუსეთთან სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის ჩვენი ტერიტორიების დაბრუნებაზე, ასევე გამოინახოს გზები, რომელიც მსოფლიოში ახლად წარმოქმნილ პოლუსებს გაუჩენს საქართველოსთვის ნეიტრალური სტატუსის მინიჭების სურვილს ჩვენი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით.
ვინაიდან ჩვენი სახელმწიფოს გეოსტრატეგიული მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიმე პოლუსისთვის თავის შეფარებისა და ამით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სხვა გარანტია, ნამდვილად არ ჩანს“, – წერს კაკაბაძე.











