„გამოვითხოვთ ძველ კონსტიტუციურ სარჩელს, რომელიც არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით გვქონდა შეტანილი და მივმართავთ დაკორექტირებული სარჩელით. აქამდე არსებულ სამ პარტიას ვამატებთ „ფედერალისტურ“ პარტიას“, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, 2 მარტს ხელმოწერილი დეკლარაციით რამდენიმე პარტიამ გაიზიარა ის სტრატეგიული ამოცანები, რაც მათ აქვთ.
„დღეს ჩვენ მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი კონსტიტუციური სარჩელით. ამავე დროს, გამოვითხოვთ ძველ კონსტიტუციურ სარჩელს, რომელიც არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით გვქონდა შეტანილი და მივმართავთ ახალი, დაკორექტირებული კონსტიტუციური სარჩელით, რომელშიც ჩვენ გავზრდით პარტიების რაოდენობას, ჩამონათვალს. კერძოდ, თუკი თავდაპირველ კონსტიტუციურ სარჩელში ეს იყო სამი პარტია – „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ლელო“, ახალ კონსტიტუციურ სარჩელში ამ სამ პარტიასთან ერთად იქნება „ფედერალისტური“ პარტია.
საფუძველზე მოგახსენეთ, 2 მარტს ხელმოწერილი დეკლარაციით რამდენიმე პარტიამ გაიზიარა ის სტრატეგიული ამოცანები, რაც მათ აქვთ, გაერთიანდნენ 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის ორგანიზატორებთან და ამითაც გაიზიარეს მათი სტრატეგიული მიზნები. განაცხადეს მათი ამოცანა, რომ მოხდეს არჩევნების დელეგიტიმაცია, რომ მოხდეს კონსტიტუციური ორგანოების უფლებამოსილებების არაღიარება და ა.შ.
აქედან გამომდინარე, აქამდე არსებულ სამ პარტიას ჩვენი კონსტიტუციური სარჩელით ვამატებთ ფედერალისტურ პარტიას“, – აღნიშნა მან.
შალვა პაპუაშვილის თქმითვე, „ნაციონალური მოძრაობის“ კრიმინალური რეჟიმის სამი მაღალჩინოსანი დღეს კვლავ გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობის“ ალიანსის სახით ცდილობს ქვეყანა აქციოს მარიონეტულ სახელმწიფოდ.
„რა თქმა უნდა, ამ ალიანსში არიან სხვა პარტიებიც, თუმცა ისევე, როგორც წინა შემთხვევაში, ჩვენ ვთქვით, რომ ერთი მხრივ ვუყურებთ თუ რა არის მიზნები, რამდენად ანტიკონსტიტუციური მიზნები აქვს ამა თუ იმ პარტიას. მეორე მხრივ, ასევე ვუყურებთ თუ რამდენად არსებითია მათი გავლენა პოლიტიკაზე. ვიცით, რომ დღეს ამ ალიანსის ლიდერები არიან მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია და ნიკა გვარამია. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ კრიმინალური რეჟიმის სამი მაღალჩინოსანი, რომელიც დღეს ამ კვლავ გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობის“ ალიანსის სახით ცდილობს ქვეყანა აქციოს მარიონეტულ სახელმწიფოდ. ამიტომ, ჩვენ გვქონდა მსჯელობა კონსტიტუციურ სარჩელზე. შესაბამისად, მეოთხე პარტიად დაემატება „ფედერალისტური“ პარტია, გამომდინარე იქიდან, რომ 2 მარტის დეკლარაციით კვლავ გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობის“ ალიანსის რეალური ლიდერები გახლავთ მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია, ნიკა გვარამია. „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მაღალჩინოსნები“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.











