საქართველოს პროკურატურამ მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 აპრილს, თბილისში, ღამის ბარ „მეტეორის“ შესასვლელთან, ბრალდებულმა, მისი ტერიტორიიდან გაყვანით გამოწვეული უკმაყოფილების გამო, დანის დემონსტრირებით, ბარის თანამშრომელს სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა.
„სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – აცხადებენ პროკურატურაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლაზარე გრიგორიადისი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით 24 აპრილს დააკავა.











