საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ქართული ენის სასკოლო კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები და დიასპორის პროგრამაში ჩართული ქართული ენის დისტანციური სწავლების მიმართულების მასწავლებლები დააჯილდოვა.
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ქართული ენის განვითარების ხელშეწყობის კუთხით მოსწავლეთა წახალისებისა და დიასპორის წარმომადგენელთა მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ბოლო წლებში ქართული ენის სწავლების გაძლიერების მიზნით განხორციელდა არაერთი მასშტაბური პროექტი, რომლებიც მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება.
„ქართული ენა არის ის საყრდენი, რომელმაც ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ეროვნული თვითმყოფადობა შეგვინარჩუნა. დღეს ჩვენ ვახორციელებთ არაერთ მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელიც გულისხმობს ქართული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, თანამედროვე რესურსების შექმნას და მისი პოპულარიზაციის მხარდაჭერას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ქართული ენის კონკურსი, რომლის გამარჯვებულ მოსწავლეებსაც დღეს ვაჯილდოებთ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია და ის ახალგაზრდების წახალისებას, ქართული ენის პოპულარიზაციას, მის დაცვას და მომავალ თაობებში პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ემსახურება.
სამინისტროსთვის უმთავრეს საზრუნავს წარმოადგენს საზღვარგარეთ მყოფი მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის საგანმანათლებლო პროცესის ქართულ ენაზე უზრუნველყოფა. ჩვენი დიასპორის პროგრამის მიზანი სწორედ ეს გახლავთ – პროგრამა 2017 წლიდან ხელს უწყობს საზღვარგარეთ მცხოვრები მოსწავლეების აკადემიური შესაძლებლობების განვითარებას, საზღვარგარეთ არსებული ქართული საკვირაო სკოლების მასწავლებლებისთვის პროფესიული კომპეტენციების ამაღლებას და მათთვის ეროვნულ-კულტურული იდენტობის განმტკიცებას“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ჯინჭარაძემ,
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თორთლაძემ და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
ქართული ენის კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებსა და დიასპორის პროგრამაში ჩართულ მასწავლებლებს შესაბამისი სერტიფიკატები და საჩუქრები გადაეცათ. დაჯილდოებაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ეკატერინე ხუციშვილმა მიიღო მონაწილეობა.
ქართული ენის კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდა და მასში საჯარო და კერძო სკოლების საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს სხვადასხვა შემოქმედებითი ხასიათის პროექტი – ნახატები, მაკეტები, ხელნაკეთი წიგნები, პოსტერები, კომიქსები, საინფორმაციო ბუკლეტები, ვიდეორგოლები და სხვა. ამასთან, საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა შეიმუშავეს კონცეფციები ქართული ენის დაცვის თემაზე. ჯამში გამოვლინდა 12 გამარჯვებული პროექტი.
რაც შეეხება დიასპორის პროგრამას, ის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება. 2025 წელს პროგრამის ფარგლებში შეიქმნა ახალი საგანმანათლებლო ელექტრონული პლატფორმა „ქართული ენა ემიგრანტებისთვის“ – distancelearning.mes.gov.ge – რომელიც 82 ქვეყნის 3080-მდე მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას, ონლაინ ჩაერთოს სასწავლო პროცესში.
ამავე პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს ხორციელდება ღირებულებითი განათლების კლუბების კომპონენტი, რომელსაც საპატრიარქოს ხელშეწყობით უძღვებიან ცენტრის მიერ გადამზადებული სასულიერო პირები.











