ჩვენ ღრმად გვწამს, რომ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის სული დაიმკვიდრებს ხელთუქმნელ და მარადიულ ადგილს უფლის სასუფეველში და ამიერიდან ჩვენ გვეყოლება დიდი მეოხი – ჩვენს ქვეყანასა და ყოველ ჩვენგანს და ის თავისი ლოცვით შეგვეწევა, რომ ჩვენ ღირსეულად გავაგრძელოთ მისი გზა, – განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას.
მან უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის გარდაცვალებიდან მე-40 დღესთან დაკავშირებით წირვა ჩაატარა და პანაშვიდი გადაიხადა. მან პატრიარქის როლსა და დამსახურებაზე ისაუბრა. მეუფე შიომ აღნიშნა, რომ ნაკადი არ წყდება პატრიარქის საფლავთან და ყველას სურს გამოხატოს სიყვარული მისი უწმინდესობის მიმართ.
მეუფემ აღნიშნა, რომ უწმინდესის გარდაცვალებიდან ორმოცმა დღემ განვლო.
„ამ ორმოცი დღის განმავლობაში ღვთის შეწევნით, შეძლებისდაგვარად, კრძალვით განვასრულეთ ჩვენი შვილობრივი მოვალეობა ამ პერიოდში. ეს დრო იქცა ჩვენთვის – ალბათ, დამეთანხმება ყველა, რომ ერთგვარი დაფიქრების, მისი უწმინდესობის პიროვნების ახლებურად დანახვის, ჩვენი თავის, ასევე ჩვენი ხალხის შეცნობის დღეებად. ის, რისი მომსწრენიც ჩვენ გავხდით, იმ უჩვეულო, თუ შეიძლება ასე ითქვას, სიდიადით აღვსილმა სიჩუმემ, რომელმაც დაისადგურა მისი უწმინდესობის გარდაცვალების შემდეგ, განგვაცდევინა ჩვენ მოწიწებაც, სიყვარულიც და ალბათ, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ სულიერი გამოფხიზლებაც და აღმავლობაც.
უფალმა ჩვენ გვანახა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ჭეშმარიტი სახე, როგორც ნამდვილი მოძღვრისა, რომელსაც უფალთან მიჰყავს მისი სამწყსო და რომელიც მოსეს მსგავსად უჩვენებდა ჩვენს ერს სულიერი ტყვეობიდან გამოხსნის გზად და უნათებდა ამ გზას აღთქმული ქვეყნისკენ. ეს არის სახე ნამდვილი ქრისტიანის, ნამდვილი მწყემსმთავრის, ნამდვილი მოძღვრის, რომელზეც ამბობდა წმინდა პავლე მოციქული, რომ მე აღარ ვცხოვრობ, არამედ ჩემში ცოცხლობს იესო ქრისტე.
აი, შეიძლება ჩვენ ვთქვათ, რომ დიახ, მის უწმინდესობასა და უნეტარესობაში, მის პიროვნებაში ცხოვრობდა უფალი იესო ქრისტე, მის ღვაწლში, მის ყოველდღიურ საქმიანობაში, მის პიროვნებაში ცოცხლობდა უფალი იესო ქრისტე, იმ დიდ ღვაწლში, რომელიც მიმართული იყო ჩვენი ქვეყნის მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანისკენ, აღორძინებისკენ და გადარჩენისკენ. სწორედ ამ ღვაწლის შედეგი იყო ის, რაც ჩვენ ვიხილეთ – ქართველი ხალხის პასუხი ამაზე, მის სიყვარულზე.
დღემდე არ წყდება ის ნაკადი მისი უწმინდესობის საფლავთან. ყველა ასაკის, ფენის ადამიანს სურს გამოხატოს მისდამი სიყვარული და მადლიერება. რაოდენ სასიხარულოა, რომ მათ შორის მრავლად არის ახალგაზრდობა, ვინაიდან მისი უწმინდესობის მზრუნველობა, სიყვარული, თავმდაბლობა ეფინებოდა ყველას განურჩევლად ასაკის, სოციალური მდგომარეობის თუ საქმიანობისა.
ისიც გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ ორმოცი დღის განმავლობაში დაგვიდგა აღდგომა უფლისა ჩვენისა ისეო ქრისტესი. ეს იყო პირველი აღდგომა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარეშე“, – განაცხადა მეუფე შიომ.
მისივე თქმით, აღდგომის დღეებში მისი უწმინდესობის დიდი სიყვარულით ჩვენში მწუხარება და ტკივილი დაიძლია ღვთის რწმენისა და იმედის დიდი სულისკვეთებით. მიტროპოლიტმა გაიხსენა უფლის სიტყვები, რომ ვისაც იგი სწამს, რომ იგია „აღდგომა და ცხოვრება, თუნდაც რომ მოკვდეს, ის არ მოკვდება უკუნისამდე“.
„როგორც გვასწავლის წმინდა წერილი, დღეს ღმერთი შეაშრობს ჩვენს თვალებზე ცრემლებს, „რამეთუ არ არის სიკვდილი, არც გლოვა, არც ცრემლი, არც ტანჯვა, რადგან მართალთა სულნი უფალთან არიან და მშვიდობასა შინა არიან“, – როგორც ნათქვამია წმინდა წერილში.
და, აი, ჩვენ ღრმად გვწამს, რომ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის სული დაიმკვიდრებს ხელთუქმნელ და მარადიულ ადგილს უფლის სასუფეველში და ამიერიდან ჩვენ გვეყოლება დიდი მეოხი, ჩვენს ქვეყანასა და ყოველ ჩვენგანს და ის თავისი ლოცვით შეგვეწევა, რომ ჩვენ ღირსეულად გავაგრძელოთ მისი გზა. გზა, რომელიც დამყარებულია მართლმადიდებელი ეკლესიის სიყვარულსა და ერთგულებაზე; ღვთის, სამშობლოსა და მოყვასისადმი სიყვარულზე; ასევე, რასაც განსაკუთრებით გვიქადაგებდა, მშვიდობაზე, ერთსულოვნებაზე, მიმტევებლობაზე, ლმობიერებაზე, რომლითაც მისი უწმინდესობა ასე საოცრად გამოირჩეოდა“, – აღნიშნა მეუფემ.
მან მადლობა შესწირა უფალს, რომ ურთულეს ათწლეულებში საქართველოს ასეთი პატრიარქი მოუვლინა.











