ხელისუფლების განცხადებით, თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ვახშამზე მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილ 31 წლის კოულ ტომას ალენს სულ მცირე სამი მუხლით ედება ბრალი. ალენი ბრალდებულია ცეცხლის გახსნაში იმ დროს, როდესაც პრეზიდენტი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და ათასობით ჟურნალისტი ყოველწლიურ საზეიმო ღონისძიებაზე იყვნენ შეკრებილნი.
სასტუმრო Washington Hilton-ში გამართული ვახშამი ახალი დაწყებული იყო, როდესაც საიდუმლო სამსახურს მოქმედება მოუწია. სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილის დაკავება მას შემდეგ შეძლეს, რაც მან უსაფრთხოების გამშვები პუნქტი გაარღვია და პოლიციასთან ორმხრივი სროლა გამართა.
დაკავებული იდენტიფიცირებულია, როგორც კოულ ტომას ალენი, მასწავლებელი კალიფორნიის ქალაქ ტორანსიდან. მან სამართალდამცველებს განუცხადა, რომ თავდასხმის მიზანი ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების დაცხრილვა იყო. ფედერალურმა პროკურორებმა მას ბრალი წაუყენეს ძალადობრივი დანაშაულის დროს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ორ მუხლსა და ფედერალურ ოფიცერზე იარაღით თავდასხმაში. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ალენს თავდასხმისთვის 20 წლამდე, ხოლო იარაღთან დაკავშირებული მუხლებით მინიმუმ ათი წლიდან სამუდამო პატიმრობა ემუქრება. კოლუმბიის ოლქის პროკურორის, ჯინინ პირროს განცხადებით, არსებული ინფორმაციით, ინდივიდს განზრახული ჰქონდა მაქსიმალური ზიანის მიყენება და მოსალოდნელია ბრალდებების რაოდენობის გაზრდა.
მიუხედავად თავდასხმის მასშტაბისა, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ალენს წარსულში კრიმინალური ისტორია არ ჰქონია და იგი სამართალდამცავებისთვის ცნობილი არ იყო. საჯარო მონაცემებით, მას ჰყავს ორი და და ერთი ძმა. ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოებზე იგი ოჯახურ შეკრებებზე ღიმილით არის აღბეჭდილი. მისი სოციალური ქსელებიდან ირკვევა, რომ იგი საკმაოდ მაღალი დონის განათლების მქონეა: ფლობს ბაკალავრის ხარისხს მანქანათმშენებლობაში კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან და მაგისტრის ხარისხს კომპიუტერულ მეცნიერებებში. 2024 წლის დეკემბერში იგი C2 Education-ის „თვის მასწავლებლადაც“ კი დაასახელეს, რაც მის აკადემიურ მიღწევებზე მიუთითებს.
გამოძიების თანახმად, ალენი შეიარაღებული იყო თოფით, პისტოლეტითა და რამდენიმე დანით. პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯეფრი კეროლმა დაადასტურა, რომ ეჭვმიტანილი სამართალდამცავებმა ორმხრივი სროლის შემდეგ დააკავეს. შეტაკებისას ერთი ოფიცერი დაიჭრა, თუმცა მას ჯავშანჟილეტმა სიცოცხლე შეუნარჩუნა. თავად ალენი სროლისას არ დაშავებულა, თუმცა იგი საავადმყოფოში შემოწმებაზე გადაიყვანეს. ვარაუდობენ, რომ იგი სასტუმროში სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა, რამაც მას შენობაში შეღწევა გაუადვილა.
დარბაზში მყოფი ასობით სტუმარი სროლის ხმაზე მაგიდების ქვეშ დაიმალა, პრეზიდენტი და პირველი ლედი კი აგენტებმა სასწრაფოდ გაიყვანეს. მოგვიანებით დონალდ ტრამპმა თავდამსხმელს „მარტოხელა მგელი“ და „ავადმყოფი ადამიანი“ უწოდა. ხელისუფლებას ჯერჯერობით არ დაუდგენია თავდასხმის კონკრეტული მოტივი. ოფიციალური პირები ხაზს უსვამენ, რომ ალენმა დარბაზში შეღწევა ვერ მოახერხა, რაც საიდუმლო სამსახურისა და პოლიციის სწრაფი რეაგირების დამსახურებაა, რამაც შესაძლო ტრაგედია თავიდან ააცილა ქვეყანას. პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა ტოდ ბლანშმა პირობა დადო, რომ მართლმსაჯულება აღსრულდება.












