თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა ევროკავშირთან ურთიერთობების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ევროკავშირში არ არსებობს პოლიტიკური ნება, თურქეთი მათ წევრად მიიღონ.
„ჩვენ არასოდეს დაგვიყენებია ისეთი მოთხოვნა, რომ წევრობის პირობები არ შესრულებულიყო და ამის გარეშე გავწევრიანებულიყავით. რა თქმა უნდა, თუ სადმე გაწევრიანებას აპირებ, ამას თავისი პირობები აქვს. ეს პირობები წინასწარ არის განსაზღვრული და მათი შესრულების შემთხვევაში მიზანს მიაღწევ. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ევროკავშირში არ არსებობს იმის პოლიტიკური ნება, თქვან, რომ თუ თურქეთი პირობებს დააკმაყოფილებს, ჩვენ მას წევრად მივიღებთ.
სამწუხაროდ, ეს პოლიტიკური ნება 2007 წელს ბატონმა ნიკოლა სარკოზიმ გააუქმა. ევროპული პოლიტიკური ნება, რომელიც მანამდე გერჰარდ შრიოდერსა და ჟაკ შირაკს ჰქონდათ გამოხატული, ნიკოლა სარკოზის მოსვლასთან ერთად გაუქმდა.
იმისთვის, რომ ჩვენ შეფასების ეტაპზე გადავიდეთ, საჭიროა ევროკავშირში პოლიტიკური ნების დეკლარირება”, – განაცხადა ჰაკან ფიდანმა.











