პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: აგვისტოს ომი ქართველი ერის თვითგადაფასების აქტად იქცა და სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით უნდა ჩამოყალიბდეს ისტორიული ნარატივი, უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდობისთვის სასწავლო სახელმძღვანელოებით

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს 2008 წლის აგვისტოს ომის გადაფასებაზე და აუცილებლობაზე, რომ მომხდარი გადაიაზრონ მოსწავლეებმა და სტუდენტებმა. ჩიბურდანიძე ხაზს უსვამს, რომ სასწავლო სახელმძღვანელოებმა მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშონ ამაში. ანალიტიკოსის აზრით, ახალგაზრდებმა, ერთი მხრივ, უნდა გაიაზრონ რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესია და მისი შედეგები და, მეორე მხრივ, კრიტიკულად უნდა შეაფასონ საქართველოს იმდროინდელი მთავრობის გადაწყვეტილებები:

„სწორად გააზრებული ისტორია არ ნიშნავს მხოლოდ წარსულის გახსენებას — ის ნიშნავს საკუთარი შეცდომების, პასუხისმგებლობისა და ისტორიული გამოცდილების გააზრებას. ასეთი მიდგომა ქმნის ეროვნულ თვითშეგნებასთან ერთად პასუხისმგებლიან და კრიტიკულად მოაზროვნე მომავალ თაობას“ – წერს ჩიბურდანიძე.

ანალიტიკოსი აღნიშნავს იმასაც, რომ უახლესი ისტორიის სწავლის პროცესში, ახალგაზრდები უნდა გაეცნონ 2008 წლის ომზე საერთაშორისო გამოხმაურებასა და რუსეთისა და დასავლეთის შემდგომ თანამშრომლობასაც.

„2008 წლის აგვისტოს ომი ქართველი ერის პოლიტიკური თვითგადაფასების ისტორიულ აქტად იქცა; შესაბამისად, მისი ისტორიული ნარატივი უნდა ეფუძნებოდეს არა მხოლოდ სამხედრო და პოლიტიკური მოვლენების აღწერას, არამედ იმ გადაწყვეტილებებისა და პასუხისმგებლობის კრიტიკულ გააზრებასაც, რომლებმაც ომის ესკალაციამდე მიგვიყვანა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის, მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის, რომელთა ისტორიული ცნობიერების ჩამოყალიბებაში სახელმძღვანელოებს მნიშვნელოვანი როლი აკისრია. რა მოხდა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, როგორ განვითარდა და დასრულდა სამხედრო კონფლიქტი — ამის შესახებ საზოგადოებას უკვე აქვს გარკვეული ცოდნა და წარმოდგენა. თუმცა, გაცილებით მნიშვნელოვანი და რთული საკითხია: როგორ ვასწავლით ამ მოვლენებს მომავალ თაობას? ეს საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ფონზე, როდესაც საქართველოში უკვე ჩამოყალიბდა თაობები, რომელთა ისტორიული და პოლიტიკური ცნობიერების მნიშვნელოვანი ნაწილი კონკრეტული პოლიტიკური ეპოქის ნარატივების გავლენის ქვეშ განვითარდა (ვარდების რევოლუციის, ლიბერალიზმის და ვოუქიზმის მიმდევრები). ამიტომ, ისტორიის სწავლება არ უნდა ემსახურებოდეს რომელიმე პოლიტიკური ძალის ან პოლიტიკური ეპოქის ნარატივის გამყარებას. საქართველოს მოქალაქეებს, მომავალ თაობას, მოსწავლეებსა და სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაიაზრონ ორივე საკითხი ერთდროულად — ერთი მხრივ, რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესია, ოკუპაცია და მისი შედეგები, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს ხელისუფლების მიერ იმ პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები და მათი კრიტიკული შეფასება – შეეძლო თუ არა სააკაშვილის ხელისუფლებას ამ ომის თავიდან აცილება და რატომ არ გააკეთა ეს? სასწავლო სახელმძღვანელოებში ისტორიული ანალიზი ასევე უნდა მოიცავდეს საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციებისა და რეალური მოქმედებების შეფასებასაც — რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, რა ნაბიჯები გადაიდგა კონფლიქტის პრევენციისა და შეჩერების მიზნით და რა შედეგი გამოიღო საერთაშორისო რეაქციამ. ამასთანავე, გაკეთდეს ანალიზი დასავლეთისა და რუსეთის შემდგომი თანამშრომლობის შესახებ, დასაჯეს თუ პირიქით, გაათამამეს რუსეთი ამ ომის შემდეგ? მომავალი თაობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ისტორიული მოვლენების შეფასება არ მოხდეს მხოლოდ ემოციური და პოლიტიკური ნარატივების საფუძველზე, როგორც ამას ცდილობდა სააკაშვილის ხელისუფლება და მისი “პატრონები” შეკვეთილი კინო-ფილმებით და მედია-პროდუქტებით. ახალგაზრდას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ერთმანეთისგან განასხვავოს ისტორიული ფაქტი, პოლიტიკური ინტერპრეტაცია, პროპაგანდისტული გზავნილი და მხატვრული ნარატივი. ამაში კი სასწავლო სახელმძღვანელო განსაკუთრებულ როლს ასრულებს კოლექტიური ისტორიული მეხსიერების ფორმირებაში. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ეროვნული ცნობიერებისა და ღირებულებების მნიშვნელობაზე გაკეთებული განცხადებების ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ ეს პრინციპი აისახოს ისტორიის სწავლების შინაარსშიც. ვიმედოვნებთ, რომ აგვისტოს ომისა და საქართველოს უახლესი ისტორიის სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების სწავლებისას მომავალ თაობას მიეწოდება ფაქტებზე დაფუძნებული და პასუხისმგებლობის საკითხების გააზრებაზე ორიენტირებული ნარატივი. სწორად გააზრებული ისტორია არ ნიშნავს მხოლოდ წარსულის გახსენებას — ის ნიშნავს საკუთარი შეცდომების, მიღწევების, პასუხისმგებლობისა და ისტორიული გამოცდილების გააზრებას. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის ეროვნულ თვითშეგნებასთან ერთად პასუხისმგებლიან და კრიტიკულად მოაზროვნე მომავალ თაობას” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა