პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, გიორგი გახარია მზად არის, ჩორჩანას საგუშაგოს საკითხზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიას დისტანციურად ესაუბროს, თუმცა კომისია ამ ფორმატს არ ეთანხმება და მის ფიზიკურ გამოცხადებას მოითხოვს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ გახარიამ უკვე უპასუხა კომისიის კითხვებს 14 აპრილს გამართულ 6-საათიან სხდომაზე და კვლავაც მზად არის დისტანციური ფორმატით ჩართვისთვის, რადგან ამ დროისთვის საზღვარგარეთ იმყოფება. პარტიის შეფასებით, კომისიის მოთხოვნას, რომ ის ფიზიკურად გამოცხადდეს 23 ივნისის სხდომაზე, „არ აქვს ობიექტური ახსნა“, თუ ნამდვილად სურთ მისი მოსმენა.
„გიორგი გახარია კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, ჩორჩანას საგუშაგოს თემაზე კომისიას დისტანციურად უპასუხოს“, — წერია განცხადებაში.
გიორგი გახარია კომისიაზე მეორედ ჩორჩანაში საგუშაგო კოშკის განთავსების თაობაზეა დაბარებული. ამ საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
ამ დრომდე ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით უკვე გამოკითხეს: ყოფილი შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, ყოფილი დეპუტატი კახი კახიშვილი, “ოცნების” მოქმედი დეპუტატი ალექსანდრე ტაბატაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი მაია ცქიტიშვილი და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ყოფილი წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი.
სოფელ ჩორჩანას მახლობლად, ტყის მასივში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ბორდერიზაცია 2019 წელს დაიწყეს. საქართველოს მაშინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, ტერიტორიაზე საგუშაგო განთავსდა. ამას ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან მოჰყვა ერგნეთის მოლაპარაკებების ჩაშლა და საგუშაგოს გატანის მოთხოვნა, რაც შსს-მ არ დააკმაყოფილა. გახარიას “ოცნება” ედავება რომ ფაქტის შესახებ “არავინ იყო ინფორმირებული”
გახარიას განცხადებით, აღნიშნული ქმედებით 1800 ჰექტარი მიწის ნაკვეთი შეინარჩუნეს, რომლის მიტაცებასაც საოკუპაციო რეჟიმი 1992 წლის „ფეიკ რუკაზე“ დაყრდნობით ცდილობდა.