ტყუილია, არცერთი წამით მე კახას არ დავპირისპირებივარ, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ კითხვას, თვითონ არის თუ არა გუნდში ის ფიგურა, რომელიც კახა კალაძეს დაუპირისპირდა.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, 2016 წელს, კახა კალაძე იყო „ქართული ოცნების“ გუნდში მისი ერთ-ერთი მთავარი რეკომენდატორი.
„კახა არის ადამიანი, რომელიც „ქართული ოცნების“ გუნდში ერთ-ერთი მთავარი რეკომენდატორი იყო 2016 წელს, ირაკლი კობახიძესთან ერთად და როგორ გგონიათ უახლოეს მეგობრებს დავუპირისპირდე რამის გამო, თან როცა ისინი მართლები არიან და ერთმანეთთან მართლები ვართ? გთხოვთ, თავი დაანებოთ აგენტების მოგონილი ამბების განიუსებას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კითხვაზე, ჩავიდა თუ არა თურქეთში რიჟვაძესთან მოსალაპარაკებლად, “ქართული ოცნების“ ლიდერი ამბობს, რომ თურქეთში ნამდვილად იმყოფებოდა, თუმცა, ოჯახის წევრებთან ერთად, დასასვენებლად.
მე თურქეთში ვიყავი ოჯახთან ერთად, დასასვენებლად 5 დღით, თორნიკე რიჟვაძე ბელეკში არ იყო და არც მომინახულებია. ეს არის იმდენად ბინძური რაღაც, რომ აგენტების განიუსებას თავი უნდა დაანებოთ,-თქვა მან.