„სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან მჭიდრო ურთიერთობები, ევროკავშირთან არსებული შეთანხმებები და შუა დერეფანში საქართველოს საკვანძო პოზიცია, ჩვენი ქვეყნის როლს, როგორც რეგიონში, ასევე ევრაზიის კონტინენტზე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, გეოგრაფიული მდებარეობისა და პრაგმატული საგარეო პოლიტიკის წყალობით, საქართველო მრავალგანზომილებიან და მულტიფუნქციურ რეგიონულ ჰაბად ყალიბდება, როგორც ვაჭრობის, ასევე ენერგოტრანზიტის მიმართულებით.
საქართველო, უმოკლესი დამაკავშირებელი გზა და ბუნებრივი ხიდია, ევროპასა და აზიას, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობისა და პრაგმატული საგარეო პოლიტიკის წყალობით, საქართველო მრავალგანზომილებიან და მულტიფუნქციურ რეგიონულ ჰაბად ყალიბდება, როგორც ვაჭრობის, ასევე ენერგოტრანზიტის მიმართულებით. საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს შუა დერეფნის სტრატეგიული მარშრუტის განვითარებაში და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დერეფანი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ყველაზე უსაფრთხო, სანდო და სტაბილურ დამაკავშირებელ მარშრუტად იქცეს. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო ინვესტორებთან, ვავითარებთ ინფრასტრუქტურას და ხელს ვუწყობთ ახალი ენერგო-სატრანზიტო გზების ჩამოყალიბებას, ეს ყველაფერი კი, საბოლოო ჯამში, აზიური და ევროპული ბაზრის დაკავშირებადობის ხარისხს ზრდის“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას, შუა დერეფნის განვითარების ფარგლებში საქართველოს მიერ დაწყებულ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.
„შუა დერეფნის განვითარების ფარგლებში, საქართველომ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები წამოიწყო, რომლებიც სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტირების მოცულობისა და ინტენსივობის გაზრდას ემსახურება. მათ შორის, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი უკვე დასრულებულია, ხოლო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტისა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტებზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. აღნიშნული პროექტები, ერთი მხრივ, შუა აზიისა და სამხრეთ კავკასიის, ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნების დანარჩენ მსოფლიოსთან საზღვაო კავშირს უზრუნველყოფს, ხოლო მეორე მხრივ, ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტები ხელს უწყობს ენერგომარშრუტების დივერსიფიკაციას, რითაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონების ენერგოუსაფრთხოებას. შუა დერეფნის განვითარებისა და ორი უდიდესი ბაზრის, აზიისა და ევროპის დაკავშირებადობის გაუმჯობესების მიზნით, უკვე მერვე წელია, რაც საქართველო თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმს“ მასპინძლობს. ეს არის საერთაშორისო დიალოგისა და ახალი შესაძლებლობების პლატფორმა, რომელსაც 60-ზე მეტი ქვეყნიდან 2 ათასამდე დელეგატი ესწრება“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.