დღეს ჩვენ პოლიტიკური ძალა „გახარია საქართველოსთვის” ვიწყებთ „ოცნების” მოძალადე რეჟიმთან ბრძოლის ახალ ეტაპს, რისთვისაც, ამ შემთხვევაში გამოვიყენებთ ჩვენთვის მონიჭებულ იმ პოლიტიკურ პლატფორმას, რასაც საქართველოს პარლამენტის ტრიბუნა ჰქვია – ჩვენი პარლამენტი შემოსვლა არ ნიშნავს ამ პარლამენტის ლეგიტიმაციის მიცემას ან არ მიცემას, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შარაშიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პარტია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქართველი ხალხის და განსხვავებული ხმა, რომელიც აქამდე საქართველოს პარლამენტში არ ისმოდა, ამ დარბაზსა და ტრიბუნაზე გაახმოვანონ.
„რა თქმა უნდა, „ოცნებას” 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შემდეგ ჩადენილი უამრავი დანაშაულის გამო, პირველ რიგში, საქართველოს ევროპულ მომავალზე უარის თქმის გამო, ანტიდემოკრატიული, ადამიანის უფლებების შემლახველი კანონების მიღების გამო, მოქალაქეებზე ძალადობის გამო, ჰქონდა ლეგიტიმაციის პრობლემა, მაგრამ სამწუხაროდ, მას შემდეგ რაც ტოტალური კამპანია დაიწყო მუნიციპალური არჩევნების ბოიკოტის სასარგებლოდ და 4 ოქტომბრის სრულიად უპასუხისმგებლო პროვოკაციით, ამან „ოცნებას”, სამწუხაროდ, მისცა საბაბი, დაეძლია ლეგიტიმაციის კრიზისიც, დაებრუნებინა ამომრჩეველი და გადაელახა ის კრიზისიც, რომლის წინაშეც ის ამ წლის დასაწყისში იდგა. ამიტომ, როდესაც საუბარია იმაზე და ისმის კითხვა ვინ აძლევს ლეგიტიმაციას ამ პარლამენტს, ეს კითხვა პირველ რიგში, იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს უნდა დაუსვან, რომელიც ჩართული იყვნენ 4 ოქტომბრის პროვოკაციის მოწყობასა და იმ მძიმე შედეგების დადგომაში, რის წინაშეც ჩვენ დღეს ვდგავართ და რამაც რეალურად, კიდევ უფრო დაამძიმებინა ოცნებას ავტოკრატიული რეჟიმი, რასაც, რა თქმა უნდა, აქამდეც აკეთებდა, მაგრამ დამატებით მისცა საბაბი, საკუთარ ამომრჩეველში გაემართლებინა ავტორიტარიზმის დამძიმება“, – აღნიშნა შარაშიძემ.
მისივე თქმით, მათი პარლამენტში შესვლა რეალობისთვის თვალის გასწორებას ნიშნავს.
„ჩვენი პარლამენტი შემოსვლა არ ნიშნავს ამ პარლამენტის ლეგიტიმაციის მიცემას ან არ მიცემას. ეს ნიშნავს რეალობისთვის თვალის გასწორებას. იმ რეალობისთვის, რომლითაც დღეს ქვეყანა “ოცნების” მიერ იმართება. “ოცნების” მიერ მიღებული კანონებით დღეს უამრავი ადამიანი არის დაჭერილი, რაც ყოველდღიურად გრძელდება. ამიტომ, ჩვენთვის პარლამენტში შემოსვლა პირველ რიგში, ქართველი ხალხის ხმის და განსხვავებული აზრის პარლამენტში დაბრუნებას ემსახურება, რომელიც არ ეკუთვნის არავის – არც “ოცნებას” და არც რომელიმე სხვა პარტიას; ნიშნავს ამ ორი რადიკალური ძალის, რასაც “ოცნება”, “ნაციონალური მოძრაობა” და “ნაცმოძრაობის” ქვეშ მყოფი პარტიების მიერ შექმნილი დაპირისპირებისა და რადიკალიზაციის სპირალიდან ქვეყნის გამოყვანის მცდელობას; და რა თქმა უნდა, გვიშავს ძალიან მწვავე პრინციპულ, მაგრამ ამავე დროს, გონიერ, ზომიერ და თანმიმდევრულ პოლიტიკას “ოცნების” წინააღმდეგ”, – განაცხადა შარაშიძემ.
შეგახსენებთ, პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისადმი გამოცხადებული ბოიკოტი შეწყვიტა და მე-11 მოწვევის პარლამენტში, პარტიის 12 წევრით, შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.











