შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ბრიუსელიდან გაჟღერებული განცხადებები საქართველოზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაცვასთან დაკავშირებით ბიპოლარულ აშლილობას ჰგავს. პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ერთი მხრივ, ევროკავშირი თბილისს სანქციების დაცვის გამო აქებს, მეორე მხრივ კი აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს საქართველო სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის გამოიყენება.
„საქართველოს ხელისუფლებამ იმდენად ეფექტიანი კონტროლის მექანიზმი შეიმუშავა, რომ არათუ საყვედური არ გვსმენია მათგან, შექების მრავალი შემთხვევა და ახლა ოფიციალური წერილიც იყო. ეს ერთი „მეა“ ბრიუსელის. ბრიუსელის მეორე „მე“ კი გრანტს აძლევს „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ – „ენჯეოს“, რომელიც ზუსტად იმით არის დაკავებული, რომ დააბრალოს საქართველოს, თითქოს მისი ხელისუფლება სანქციებისთვის გვერდის ავლას უზრუნველყოფს. ამ დეზინფორმაციის გავრცელებას აფინანსებს ბრიუსელი. ამიტომ, გვაინტერესებს რა ხდება. უნდა ჩამოყალიბდეს ბრიუსელი, რომელი „მე“ საუბრობს მასში. არის საქართველო სანქციების დაცვის მხრივ შესაქები ქვეყანა? და თუ ასეა, რატომ აფინანსებენ ბრიუსელიდან პირდაპირ დეზინფორმაციას საქართველოს წინააღმდეგ?! ასე რომ, ეს გვაჩვენებს არა ორმაგ სტანდარტს, არამედ ბიპოლარულ აშლილობას ბრიუსელში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, გარკვეული რისკები ამ მხრივ არსებობს მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველო რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანაა და ყველა კონტრაბანდისტი ცდილობს მოძებნოს თავისი საქმიანობისთვის ალტერნატიული გზები.
„ამიტომ აქებს ბატონი ო’სალივანი საქართველოს ხელისუფლებას, რომ ჩვენი კონტროლის მექანიზმი არის მსოფლიოში გამორჩეული, ეფექტიანი, ისე რომ ერთი ფაქტიც ვერ დაასახელეს, მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელმა მილიონები დახარჯა „ენჯეოებზე“ იმ დეზინფორმაციის გასავრცელებლად, რასაც 3 წელზე მეტია ვისმენთ საქართველოსთან დაკავშირებით, მაგრამ ერთი ფაქტიც ვერ დაასახელეს. პარალელურად, ვხედავთ, რომ ბალტიის ქვეყნებს გაქანებული მიმოსვლა აქვთ გემებით, ნავთობის გადაზიდვა. ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის მეუღლე, რომლის ბიზნესში ისიც მონაწილეობდა, დაკავებულია რუსეთთან ბიზნესით. ქალბატონი კალასის მეუღლის ბიზნესი რუსეთთან მოიაზრებდა ისეთი საქონლის მიწოდებას, რომელიც შესაძლოა გამოყენებული იყოს ძალოვანი სტრუქტურების მიერ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
საქართველოს მთავრობამ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანისგან მადლობის წერილი მიიღო.










