საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი გამოეხმაურა სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის წერილს, რომელშიც დევიდ ო’სალივანი საქართველოს მთავრობას მადლობას უხდის „უმაღლეს დონეზე გამოხატული ერთგულებისთვის და უკვე გადადგმული ნაბიჯებისთვის, რათა არ მოხდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა“.
წილოსანი ამ ფონზე იმ ქართველი პოლიტიკოსების განცხადებებზე მიუთითებს, რომლებიც საქართველოს სანქციებისგან თავიდან არიდების ზონად წარმოაჩენენ.
„ვხედავთ სხვადასხვა გამოცემასა თუ ჩვენს მავნებელ, ანტიქართულ პოლიტიკოსებს შორის გაკეთებულ განცხადებებს, მათ შორის ლიდერობს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ყველაზე ცნობილ სატელევიზიო გადაცემებშიც საუბრობს, რომ საქართველო გახდა ნაცრისფერი ზონა სანქციებისთვის თავის არიდების კუთხით.
ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, როგორ ძიძგნიან საკუთარ ქვეყანას, როგორ აზიანებენ რეპუტაციულად და ამ ადამიანებს რომ არ ჰქონდეთ საშუალება, ასეთი მავნებლობები აკეთონ, ალბათ მარტივი წარმოსადგენი იქნება, რამდენ მადლობის წერილს მივიღებთ და რამდენად აღარ იქნება ის უსამართლო განცხადებები უცხოეთიდან წამოსული“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
ევროკავშირის სანქციების შესახებ ევროკომისიის ფინანსური სტაბილურობის, ფინანსური სერვისებისა და კაპიტალის ბაზრების კავშირის გენერალური დირექტორატის წერილში, რომელსაც ხელს აწერს დევიდ ო’სალივანი, ასევე ხაზგასმულია საქართველოს ხელისუფლების მუდმივი ხელმისაწვდომობა სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად.











