საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის კონცეფცია ბიზნესასოციაციის წევრებთან განიხილა.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, პრემიერმა ბიზნესთან განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებსა და რეფორმის კონცეფციით გათვალისწინებულ ამოცანებზე დეტალურად ისაუბრა.
პრემიერ-მინისტრი განათლების კონცეფციის შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის კუთხით ბიზნესმენების მოსაზრებებს გაეცნო და მათ კითხვებს უპასუხა.
„ჩვენ გვინდა, რომ უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება დაეფუძნოს შრომის ბაზრის ანალიზს. ამ ანალიზის განხორციელებაში გვჭირდება ბიზნესის მხარდაჭერა. დღეს ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ეს ანალიზი მომზადდება სწორედ ხელისუფლებისა და ბიზნესის ერთობლივი ჩართულობით, თანამონაწილეობით. უმაღლესი განათლების რეფორმას საგანგებო მნიშვნელობა აქვს ბიზნესისთვის. არსებითად, ქვეყანაში არის ორი დამსაქმებელი – საჯარო და კერძო სექტორი. აქედან გამომდინარე, განათლების რეფორმის განხორციელებაში კერძო სექტორის ჩართულობაც მნიშვნელოვანია. დეფიციტი არის ბევრი მიმართულებით. არის დისციპლინები, სადაც ჭარბად მიიღება სტუდენტები და არის დისციპლინები, სადაც ძალიან სერიოზული დეფიციტია. შრომის ბაზარზე ბევრად მაღალი მოთხოვნაა, თან არის საკმაოდ მაღალშემოსავლიანი პროფესიები, თუმცა, სამწუხაროდ, სტუდენტები ნაკლებად ირჩევენ ასეთ სპეციალობებს. ჩვენ გვინდა, რომ სწორად დავაბალანსოთ ეს საკითხი და შრომით ბაზარზე მაქსიმალურად მორგებით გადავანაწილოთ კვოტები დისციპლინებისა და უნივერსიტეტების მიხედვით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს მთავრობის ცნობით, ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძეს ბიზნესის მოსაზრებებით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ არის პროფესიები, რომლებზეც მოთხოვნა დიდია, თუმცა ვინაიდან ახალგაზრდები ამ პროფესიებს ნაკლებად ირჩევენ, ბიზნესი საკადრო დეფიციტის გამოწვევის წინაშე დგება, შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, განათლების რეფორმა წარიმართოს ისე, რომ შრომის ბაზრის მოთხოვნებს პასუხობდეს.
პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესასოციაციის წარმომადგენლების შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.





















