Uncategorized

ნანა კაკაბაძე: რატომ ნეიტრალიტეტი? და რატომ ახლა? – ნეიტრალიტეტის არსი მდგომარეობს არა ვინმესთან ომსა და დაპირისპირებაში, არამედ საქართველოს ინტერესების პარალელურად მათი ეკონომიკური ინტერესების დაბალანსებაში ჩვენს რეგიონში

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში ნეიტრალიტეტის თემაზე წერს. მისი განცხადებით, ნეიტრალიტეტის არსი მდგომარეობს არა ვინმესთან ომსა და დაპირისპირებაში, არამედ საქართველოს ინტერესების პარალელურად მათი ეკონომიკური ინტერესების დაბალანსებაში ჩვენს რეგიონში.

„რატომ ნეიტრალიტეტი? და რატომ ახლა?

მსოფლიოში პროცესები უსწრაფესად ვითარდება.

ჩვენს თვალწინ ხდება ქვეყნებს შორის ურთიერთობების საფუძვლების გადასინჯვა.

აშშ-ში და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ხელისუფლებების ცვლილებებმა, ახლო აღმოსავლეთში დიდი სისწრაფით განვითარებულმა მოვლენებმა და რუსეთ-უკრაინის ომმა ყველას დაანახვა, რომ დღეს იდეოლოგიური კონცეფციების ნაცვლად სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში პრიორიტეტი ენიჭება ეკონომიკურ ინტერესებს.

ასეთ პოლიტიკას ყველაზე ღიად და დაუფარავად პრეზიდენტი ტრამპი ატარებს, მაგრამ რეალურად იგივე ინტერესებიდან ამოდის ყველა დიდი თუ პატარა ქვეყანაც.

ვხედავთ, რომ ეკონომიკის სწრაფი განვითარების ფონზე ერთპოლუსიანი სამყარო მრავალპოლუსიანით იცვლება, რომელშიც აშშ-ს გარდა, ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი თუ ბრაზილია საკუთარი პრეტენზიებით გამოდიან.

ასეთ პირობებში ახალი გამოწვევების წინაშე დგებიან პატარა ქვეყნები და მათ უწევთ მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებებისათვის ფეხის აწყობა. თუმცა, ბევრს უჭირს ახალი რეალობის აღქმა და ისევ 30-40 წლის წინ ჩამოყალიბებული კლიშეებით და სტერეოტიპებით აზროვნებს, მსჯელობს და მოქმედებს.

ეს ეხება საქართველოში პოლიტიკოსების იმ ნაწილსაც, რომელთა მიერ შემოთავაზებული რეალობის შეფასებების მიხედვით სამყარო ისევ შავ-თეთრად იყოფა – ერთ მხარეს დგას ბნელი რუსეთი თავის მოკავშირეებთან ერთად, ხოლო მეორე მხარეს – ნათელი და ბედნიერი დასავლეთი.

ასეთებისთვის პოლიტიკაც მარტივია – საქართველოს ხელისუფლება უნდა დადგეს ნათელ მხარეს და ყველა საშუალებით უნდა იბრძოლოს სიბნელის დასამარცხებლად, გასანადგურებლად. ამაში კი “ნათელი” და “ბედნიერი” დასავლეთი იქნება ჩვენი დამხმარეც, მფარველიც და გამარჯვების მომტანიც.

ამ არასწორ პოზიციას საზოგადოება მარტივად იღებს, რადგან ჩვენი ქვეყანა თავისი ცხოვრების წესით და კულტურით მუდამ იყო დასავლური ცივილიზაციის ნაწილი და მოქალაქეების გარკვეული ნაწილი დღესაც ინერციით მიისწრაფვის თავის ბუნებრივ გარემოში დაბრუნებისკენ. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ თანამედროვე პოლიტიკის სირთულეს და წინააღმდეგობრიობას, ასეთი მსჯელობა არა მხოლოდ ძალიან გამარტივებულად, არამედ პრიმიტიულადაც გამოჩნდება.
ასეთმა პრიმიტიულმა თუ მოღალატეობრივმა მიდგომამ განაპირობა საქართველოს დღევანდელი დეფაქტო დანაწევრებული მდგომარეობა ჯერ 90-იან წლებში, როდესაც ჩავთვალეთ, რომ დასუსტებული რუსეთი ჩვენთვის ვერ მოიცლიდა, ხოლო შემდეგ 2008 წელს, როდესაც გვეგონა, რომ მთელი დასავლეთის ეფექტიანი თანადგომით რუსეთისაგან ერთი რეგიონის დაბრუნებას მაინც შევძლებდით.

სურათი აღმოჩნდა ისეთი, რომლის გათვალისწინება დღესაც აუცილებელია.

იმ დროისათვის დასუსტებული და მთლიანად დასავლეთზე დამოკიდებული რუსეთის პირობებშიც კი ქართველებისადმი მტრულად განწყობილი ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების აფხაზებისადმი გამოხატულმა სოლიდარობამ გადამწყვეტი როლი შეასრულა ჩვენს დამარცხებაში.

რუსეთს თავისი რეგულარული ჯარების მხოლოდ უმნიშვნელო ოდენობით გამოყენება დასჭირდა ამისათვის.
განსხვავებული სტრატეგია აირჩია რუსეთმა 2008 წელს.

მან დემონსტრაციულად დაძრა დიდი ძალები ცხინვალისკენ, რათა დასავლეთისთვის ეჩვენებინა, რომ ისინი ვერ დაიცავდნენ “აგრესორად” შერაცხულ საქართველოს.

დროებით თავი დავანებოთ იმას, თუ საქართველოს ხელისუფლების რა განზრახვამ განაპირობა საქართველოს “აგრესორად” მონათვლა.

ფაქტია, რომ თუ აფხაზეთის ომი 13 თვეზე მეტხანს გრძელდებოდა, ცხინვალში ქართველების დამარცხებას მხოლოდ რამდენიმე დღე დასჭირდა, რასაც დასავლეთმა მხოლოდ უკიდურესი “შეშფოთება-აღშფოთებით” უპასუხა.

ასეთი მწარე გამოცდილების მქონე ქართველებს 2012 წლის შემდეგაც მუდმივად გვაქეზებდნენ დასავლეთის მმართველი წრეები, რუსეთის მიმართ ისეთივე მკვეთრად გამოხატული მტრული პოლიტიკა გაგვეტარებინა, როგორც ამას აკეთებენ ნატოს ქოლგის ქვეშ მყოფი ბალტიის ქვეყნები.

საქართველოსათვის დამაზიანებელი და შეიძლება ითქვას გამანადგურებელი მოთხოვნები განსაკუთრებით გაძლიერდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ.

მხოლოდ ქართველი ხალხისა და ხელისუფლების გონივრული პოლიტიკის შედეგად არ მივეცით პოლიტიკურად ჩვენს საზიანოდ მოთამაშე დასავლეთს იმის საშუალება, რომ ჩვენ რუსეთის საწინააღმდეგოდ, მისი იმიჯის დასაზიანებლად გამოვეყენებინეთ, არ გაგვეთვალისწინებინა თბილისიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში მდგარი რუსის ჯარის ფაქტორი და ამის შედეგად ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დაგვეყენებინა ქვეყანა.

ამის სანაცვლოდ, მმართველი ძალა ცდილობს პოლიტიკა მიმართოს იქითკენ, რომ ანაკლიის პორტი, აბრეშუმის გზა თუ სხვა პერსპექტივები მიმართოს იქითკენ, რომ ჩვენი ქვეყანა იქცეს ეკონომიკურ ჰაბად.

თუმცა, ხელისუფლება დღესაც არ ცვლის მისივე ინიციატივით კონსტიტუციაში დაფიქსირებულ სწრაფვას ნატოსა და ევროპაში, ამიტომ ის ისევ ჯიუტად გაიძახის ევროპა, ევროპაო, თანაც იმ დროს, როდესაც დღევანდელი ევროპა არ აღიარებს ქართველი ხალხის ნებას და ხელს უწყობს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადების მოსურნე პოლიტიკურ ძალებს.
ასეთ პირობებში ბუნებრივად გაჩნდა მოთხოვნილება ისეთი ოპოზიციის შექმნის აუცილებლობაზე, რომელიც ქვეყნის ინტერესებს მიანიჭებს უპირატესობას, მიაწოდებს მას ახალ ხედვებს და შეეცდება ის წაიყვანოს სწორი მიმართულებით.
ასეთ მიმართულებად ჩვენ მიგვაჩნია ნეიტრალიტეტი, რომლის არსი მდგომარეობს არა ვინმესთან ომსა და დაპირისპირებაში, არამედ საქართველოს ინტერესების პარალელურად მათი ეკონომიკური ინტერესების დაბალანსებაში ჩვენს რეგიონში. ეს პოზიცია იმიტომაცაა გამართლებული, რომ ეკონომიკური ინტერესების დაბალანსება აბრეშუმის გზის კორიდორზე ნიშნავს ამ გზის უსაფრთხოების ინტერესს, არა მარტო ჩვენთვის, არამედ ყველა იმ ქვეყნისათვის, რომლისათვისაც ეს გზა იქნება უმოკლესი და კომფორტული.

საქართველოს ღვთით ბოძებული ეს უპირატესობა ნამდვილად გააჩნია სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე და ამის გამოყენების შანსი, სწორედ ეხლა, ახალი მსოფლიო გადანაწილებისა და წესრიგის დროს გახდა შესაძლებელი.

ხშირად გვეკითხებიან, რატომ ეხლა, როცა ხელისუფლებამ 4-დან 3 პარტიის აკრძალვის მოთხოვნის დროს დაემთხვა? იმიტომ, რომ ჯერ ერთი, ოპოზიციური ველი მონოპოლიზებული (ოკუპირებული) ჰქონდათ ისეთ კრიმინალურ ჯგუფებს, რომელთან გაიგივებაც ქართული ჯანსაღი ოპოზიციისთვის იყო სირცხვილი, ვინაიდან, გარედან მართული ეს კრიმინალური ჯგუფები იყვნენ ორიენტირებული არა საქართველოს ინტერესების გატარებაზე, არამედ გარე პატრონების ინტერესებზე, ხოლო გარე პატრონებმა ვინაიდან იცოდნენ, რომ საქართველოში მათ მიერ დაფინანსებული ჯგუფები ხელისუფლებაში არჩევნების გზით ვერ მოდიოდნენ, ამიტომ მათი მიზანი უნდა ყოფილიყო ხელისუფლების ჩამოსაშლელად მიმართული არეულობა, დესტრუქცია, ქაოსი, ვინაიდან მხოლოდ ასეთი გზით მოჩანდა დასავლეთიდან საკუთარი აგენტურის დაბრუნება ხელისუფლებაში. ქართველი ხალხის სიბრძნით ეს ვერ მოახერხეს ოპოზიციად წოდებულმა აგენტურულმა ქსელმა და მათმა დამფინანსებლებმა.

დღეს, როდესაც ოკუპირებული ოპოზიციური ველის გასუფთავების პერსპექტივა გამოჩნდა და აქედან გამომდინარე, უკვე სირცხვილი აღარ იქნება ოპოზიციონერთა რიგებში ჩადგომა, ჩვენ გადავწყვიტეთ ერთ-ერთი პირველი შევსულიყავით ოპოზიციურ ველზე და ასევე სხვებისთვისაც ვყოფილიყავით წამახალისებელი, რომ ვაწარმოოთ ხელისუფლებასთან ისეთი ჯანსაღი ოპონირება, რომელიც ერთის მხრივ, მას შეაცვლევინებს გეზს და მხოლოდ ევროპას არ დასახავს ხსნის გზად, ხოლო მეორე მხრივ, “რუსეთი ოკუპანტიას” ყოველდღიური ძახილით დაკომპლექსებულს არ დააშვებინებს პოლიტიკურ შეცდომებს.

ჩვენ უნდა გამოვძებნოთ გზა, რომელიც წაგვიყვანს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ, ეკონომიკური გაძლიერებისა და ქვეყნის გამდიდრებისკენ, რომლის სიკეთე უნდა იგრძნოს არა ხელისუფლების ჩინოვნიკების ჯიბეებმა არამედ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ ეს არ ნიშნავს არც პრორუსული და არც ანტიდასავლური პოლიტიკის გატარებას. ეს ნიშნავს მხოლოდ იმ რეალობის აღიარებას, რომ ჩვენს რეგიონში თავისი ინტერესები გააჩნია ყველა დიდ სახელმწიფოს რუსეთს ჩათვლით, რის გამოც ჩვენი ქვეყნის ინტერესი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის არა ამ დიდი სახელმწიფოების ინტერესების დაჯახების ეპიცენტრად ქცევა, არამედ მათი ინტერესების გათვალისწინება, დაბალანსება და ამით ჩვენი ქვეყნისთვის სარგებლის მოტანა”, – წერს ნანა კაკაბაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა