რაც უფრო გამჭვირვალე, ღია არის პროცესები, მით უფრო დაზღვეულია ასეთი გადაწყვეტილებები კორუფციული რისკებისგან, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა მთავრობის კორუფციასთან ეფექტიანად ბრძოლის ახალ სისტემაზე საუბრისას.
მისივე თქმით, საზოგადოება ხედავს, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებები ამ მიმართულებით არის თანმიმდევრული.
„ის ამბიცია, რომ სამ წელიწადში ტოპ სამ ქვეყანას შორის შევა საქართველო კორუფციისგან თავისუფალი ინდექსით, ეს ნამდვილად იქნება მიღწეული“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, შესყიდვების სააგენტოსა და მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლობით შეიქმნა ბაზრის კვლევის ახალი ელექტრონული მოდული, რომელიც ფაქტობრივად, გამორიცხავს ნებისმიერ კორუფციულ რისკს ბაზრის კვლევის ეტაპზე.











