კოლეჯი „პრესტიჟი“ 28 ოქტომბერს კულინარიულ კონკურსს მასპინძლობდა, რომელიც საქართველოს შეფთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.
კოლეჯმა უმასპინძლა საპატიო დარგის ისეთ სპეციალისტებს, როგორებიც არიან: თამარ წიკლაური, ირკა ქელეხსაშვილი, ვახო გობეჯიშვილი და ფრანგი Fabricc Delbard. კონკურსის დამკვირვებლები იყვნენ ასევე ახალგაზრდა, წარმატებული შეფები და კონდიტერები.
კონკურსის მიზანი იყო ახალგაზრდა შეფ-მზარეულების პროფესიული განვითარების და მოტივაციის მხარდაჭერა, თანამედროვე სტანდარტების გაზიარება, შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა და მსგავს კონკურსებში მონაწილეობის პრაქტიკული გამოცდილების შეძენა თანამედროვე სტანდარტების დაცვით.
კონკურსის მონაწილეები შეაფასა ქართული გემოს შემქმნელმა — პროფესიონალმა ჟიურიმ. ჟიურის წევრებმა ახალგაზრდებს გაუზიარეს თავიანთი პროფესიული გამოცდილება და მოუწოდეს, რომ თითოეულმა მათგანმა საკუთარი ნიჭითა და შემოქმედებით შეიტანოს წვლილი ქართული კულინარიის ახალი ეპოქის შექმნაში.
კონკურსის შედეგად გამოვლინდა ერთი გამარჯვებული გუნდი, რომლის მონაწილეებს გადაეცათ კონკურსში გამარჯვების დამადასტურებელი დიპლომი და შეფთა ასოციაციის მიერ მიცემული სპეციალური მზარეულის ქუდი. ყველა მონაწილეს ასევე გადაეცა სერთიფიკატი. გამარჯვებული გუნდის წევრები იყვნენ: სამუელი ბაღათრიშვილი, სალომე სტეფანიშვილი და ლაშა-გიორგი იაკაშვილი.
პროგრამის ხელმძღვანელმა, თამარ ხატიაშვილმა გამოხატა კმაყოფილება კონკურსის შედეგებით და აღნიშნა, რომ ღონისძიება მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო სტუდენტებისთვის და კოლეჯისთვის. იგი მომავალშიც განიხილავს მსგავს კონკურსებში მონაწილეობას და უკეთესი შედეგების მიღწევას.
კოლეჯი „პრესტიჟის“ დირექტორმა, ბატონმა კონსტანტინე დოლიძემ, მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს და აღნიშნა, რომ კოლეჯი ყოველთვის მზად არის მხარი დაუჭიროს მსგავს ინიციატივებს მომავალშიც.
“კოლეჯი „პრესტიჟი“ მიზნად ისახავს დარჩეს ლიდერად პროფესიული განათლების სფეროში და იყოს ერთ-ერთი მთავარი ცენტრი ქართული გემოსა და კულინარიული მემკვიდრეობის განვითარების საქმეში,” — განაცხადა კონსტანტინე დოლიძემ.












