შინაარსით დავინტერესდი და სულ ოთხ გვერდს აერთიანებს ეს ჰეგელიანური სიბრძნით აღბეჭდილი რეფორმა,-ასე ეხმაურება პოლიტოლოგი, „კავკასიური სახლის“ თავმჯდომარე ლევან ლორთქიფანიძე განათლების რეფორმას.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიზანიაა, მოწყვიტოს საქართველოს განათლების სისტემა ევროპულ სივრცეს და რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდოს ბაზარს უიაფესი, მაგრამ ახალგზარდა და ენერგიით სავსე მუშახელი.
„ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია პრინციპი „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“. რატომ არ უნდა არსებობდეს გერმანისტიკის მიმართულება თსუ-შიც და ილიაუნიშიც? რატომ არ უნდა არსებობდეს ხელოვნებათმცოდნეობის კათედრა თსუ-შიც და თეატრალურ უნივერსიტეტშიც? რა ლოგიკას ეფუძნება საქართველოს ხელისუფლება, როდესაც სხვადასხვა უნივერსიტეტებში ანგრევს წლობით ნაშენებ ფაკულტეტებს ან ცდილობს მის გასახლებას რომელიმე სხვა ქალაქში?,- აცხადებს ლევან ლორთქიფანიძე ipn-სთან ინტერვიუში.
მისივე თქმით, სკოლებში სწავლის 11 წლამდე შემცირება ქართველი მოსწავლეებისთვის შეუძლებელს ხდის პირდაპირ ევროპულ სასწავლებლებში ჩარიცხვას. სწავლის ერთი წლით შემცირება უამრავი პედაგოგის ხელფასსაც დაარტყამს. სკოლებშიც გამწვავდება საათებისთვის გაჩაღებული ომები.
„შინაარსით დავინტერესდი და სულ ოთხ გვერდს აერთიანებს ეს ჰეგელიანური სიბრძნით აღბეჭდილი რეფორმა. რეფორმაზე დისკუსიები დაიწყო და პირველივე ეტაპზე იგი ლიმონათების ქარხნის დირექტორებთან, სწრაფი კვების ობიექტების მფლობელებთან გაარჩიეს.
თავი რომ აღარ შეგაწყინოთ, ჩემი დაკვირვებებით, „ქართული ოცნების“ მიზანია: 1. გაანადგუროს ყველა ის სასწავლებელი, რომელსაც პირდაპირ ვერ აკონტროლებს; 2. მოწყვიტოს საქართველოს განათლების სისტემა ევროპულ სივრცეს, აქციოს ის ჩაკეტილ, მარგინალურ, პროვინციულ, უშანსოდ დარჩენილ დარგად; 3. რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდოს ველური კაპიტალიზმის ველად ქცეულ ქართულ ბაზარს უიაფესი, მაგრამ ახალგზარდა და ენერგიით სავსე მუშახელი“,-აცხადებს ლევან ლორთქიფანიძე..











