„ქვეყნის განვითარება უცხოური ინვესტიციების გარეშე შეუძლებელია. საქართველოს მომხიბვლელობა დღითიდღე იზრდება და ამ მხრივ ქვეყნის დემოგრაფიული ვითარება სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული ყველა საკითხში,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე, რითაც საქართველოში EMAAR-ის $6 მილიარდიან საინვესტიციო გეგმასა და ამასთან დაკავშირებით რადიკალების შეფასებებს ეხმაურება.
მისი თქმით, პროფესიონალის ყურით მოსმენილი რადიკალების „შიშები“ არადამაჯერებელია, რადგან დემოგრაფიას პოლიტიკური დივიდენდებისთვის იყენებენ და ეს საკითხი სულაც არ სტკივათ.
ექსპერტი სვამს კითხვას – „რისკები დაიზღვევა, მაგრამ რა ვუყოთ ლიბერალიზმით უკვე განადგურებულ თაობას?“
„ვკითხულობ არაბული ინვესტიციის შესახებ ოპონენტების მოსაზრებებს და მიკვირს, თურმე რამდენი „დემოგრაფი“ გვყოლია ქვეყანაში? არადა, რეალურად სანთლით საძებნია. პროფესიონალის ყურით მოსმენილი მათი „შიშები“ არადამაჯერებელია, რადგან როდესაც დემოგრაფიას პოლიტიკური დივიდენდებისთვის იყენებ, ესე იგი შენ ეს არ გტკივა. დავიწყოთ იმით, რომ ოპოზიცია თან მიგრაციაზე ტირის და თან უპრეცედენტო მასშტაბის ეკონომიკურ პროექტს ეწინააღმდეგება, რომელმაც რეალურად უნდა შეაჩეროს მოსახლეობის გადინება ქვეყნიდან და მოგვცეს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები. ისინი იმიგრაციის საფრთხეს მხოლოდ არაბებში, ჩინელებში და რუსებში ხედავენ, მაგრამ თუ ამერიკელებისგან, ინგლისელებისგან ან ევროპელებისგან მოხდება იმიგრირება, ეს მათთვის მისაღებია. არადა, ქართული გენი ყველაზე ადვილად ასიმილირდება ჩვენი რელიგიის ხალხთან და არა სხვა რჯულთან.
გენოფონდის წაშლას ფარულად სწორედ ასიმილირებული ფენა იწვევს, თუნდაც ერთი რელიგიის. რაც შეეხება „დემოგრაფიულ ანექსიას“, ეს უცხო ეთნოსის მასიური ჩასახლებების შედეგად ხორციელდება გარკვეული პერიოდის შემდეგ. ეს საფრთხე კი შეიძლება ევროკავშირში გაწევრიანებამ და ლტოლვილთა ნაკადების სავალდებულო მიღებამ გამოიწვიოს, რაზეც არც ხაზარაძე და არც სხვები არ საუბრობენ. ეს არის სწორედ ის მტკივნეული საკითხი, რაზეც მილიონიანი საპროტესტო აქციები იმართება დღეს ევროპულ სახელმწიფოებში.
არაბული ინვესტიცია ვერ შექმნის არაბების მასიური ჩამოსახლების პროვოცირებას, რადგან სახელმწიფოს უკვე აქვს ამ რისკების დაზღვევის გარკვეული მექანიზმები, თუმცა, ამ მხრივ სამუშაო გასაძლიერებელია. კიდევ უფრო გასამკაცრებელია მიგრაციის კანონი და გასაზრდელია საქართველოში უცხოელებისგან ქონების შეძენის ოდენობაზე შეზღუდვა. ასევე, ყურადღება უნდა მიექცეს, ისევ ქართველების მხრიდან ჩადენილ დანაშაულს – უცხოელებისთვის მიწების გასხვისების თაობაზე.
ქვეყნის განვითარება უცხოური ინვესტიციების გარეშე შეუძლებელია. საქართველოს მომხიბვლელობა დღითიდღე იზრდება და ამ მხრივ ქვეყნის დემოგრაფიული ვითარება სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული ყველა საკითხში. ქვეყანა ვითარდება და ასეთ უმსხვილეს ინვესტიციებზე უარს ვერ იტყვის. რისკები არა მხოლოდ უცხოურ, არამედ, ეროვნულ პროექტებსაც თან ახლავს, მაგრამ მისი წინასწარი შეფასება ხდება.
რაც შეეხება ოპოზიციის „ეროვნულ შიშებს“, მინდა შევახსენო, რომ ქართული გენოფონდის დეგრადირება ლიბერალიზმის ფართომასშტაბიანმა პროპაგანდამ გამოიწვია. როდესაც ყველა სფეროში და მათ შორის, ყველაზე მეტად უპირატესობას ხელოვნებაში ანიჭებენ ლგბტ პროპაგანდას, როდესაც სხვადასხვა კონკურსში, გამარჯვებული მწერლების ნაწარმოებებში ლიბერალიზმი ზეიმობს, სწორედ ეს ანადგურებს ქართულ გენოფონდს და ამაზე უნდა ეფიქრათ ასეთი კონკურსების დამფინანსებლებს. ლიბერალიზმია ყველაზე დიდი მტერი საქართველოს დემოგრაფიის და არა არაბული ინვესტიციები! ინვესტიციებთან დაკავშირებული რისკები დაიზღვევა, მაგრამ რა ვუყოთ ლიბერალიზმით განადგურებულ თაობას? ჩაიხედოს ოპოზიციამ სტატისტიკის მონაცემებში, მარტო მიგრაციის მაჩვენებლებს კი არა, ქორწინება-განქორწინებას და შობადობას შეხედონ. ეს არის სწორედ 35 წლიანი ეკონომიკური პრობლემების და გაბატონებული ლიბერალიზმის შედეგი: „თავისუფალ ურთიერთობებში“ მყოფი ახალგაზრდები ქორწინებას თავისუფლად ყოფნას ამჯობინებენ. და თუკი ვინმემ გადაწყვიტა, მათი უმეტესობაც მალევე „თავისუფლად“ ელევა სიყვარულს. შობადობის კოეფიციენტიც სწორედ ქორწინება-განქორწინების დინამიკას მიჰყვება. არც აბორტია „დედის უფლება“ და არც შვილის მკვლელობაა „ქალის არჩევანი“. ამ იდეოლოგიით გაზრდილ თაობებში წელიწადში 40 000-ზე მეტი აბორტი კეთდებოდა მართლმადიდებელ ქვეყანაში, თუმცა, ოპოზიციისთვის ეს ქალების „უფლებრივი დაცვაა“ და არაბული ინვესტიცია კი – ქვეყნის დაპყრობა.
როდესაც სკოლებში მხოლოდ „მე და საზოგადოებას“ ასწავლიან და „მე და სახელმწიფოს“ ურთიერთვალდებულებებს არა, ეს არის მოზარდების არასწორად ჩამოყალიბება და ღირებულებათა აღრევა, რაც ცვლის მენტალობას მათში. და კიდევ რამდენი რამ არის… საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა სტკივა მას, ვინც რეალურად მოქმედებს ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად. დღევანდელ ხელისუფლებას ეს ნამდვილად არ ესწავლება და თუკი ვინმეს სურს ამ პროცესში მონაწილეობის მიღება, გასაკეთებელი ძალიან ბევრია და შეუძლიათ საქმე აკეთონ ცარიელი სიტყვების ნაცვლად. დემოგრაფია მარტო ხელისუფლების პრობლემა არ არის, ეს თითოეული ქართველის პრობლემაა,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.











