გადარჩენის მიზნით, 15 წელი და სამუდამო, ჩემი აზრით, ძალიან უცნაური დამოკიდებულებაა. მე გეთანხმებით იმაში, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა გადარჩენა უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ გიჭერთ სამუდამოდ იმისთვის, რომ ნარკოტიკი არ მოიხმარო, ეს გადარჩენის ძალიან უცნაური ფორმაა,-ამის შესახებ „გირჩის წევრმა იაგო ხვიჩიამ რუსთავი2-ზე ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გამართულ დებატებში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საუბარი იმაზე, რომ საქართველოში 2500-ზე მეტი ნარკორელიზატორი დააკავეს, თავიდანვე კითხვას ბადებს, ხომ არ იჭერენ იმ ხალხს, ვინც რაელიზატორი არ არის და შესაძლოა, მომხმარებელი იყოს.
„2500 ნარკორეალიზატორი დავაკავეთო, ბ-ნმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ბრძანა, მე აქვე დავსვამდი კითხვის ნიშანს. თურმე ამ ქვეყენაში 2500 რეალიზატორი ყოფილა და მათზე ვნადირობთ, პირველი კითხვის ნიშანი აქ ისმება- არასწორად ვნადირობთ და ის ხალხი, ვინც ჩვენ ნარკორეალიზატორ გვგონია, ნარკორეალიზატორ არ არის და ამ მუხლით ვასამართლებთ. ორიათას ხუთასი ნარკორეალიზატორიო ამ პატარა ქვეყანაში, სადაც სულ 11 000 პატიმარი გვყავს… 2500 ნარკორეალიზატორი რანაირად გვყავს? ვიღაც ისეთ ადამიანებს თვლით თქვენ ნარკორეალიზატორებად, ვინც არ არის რეალიზატორი“,-განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ „ფანატიკურ ნადირობას ჰგავს თითქოს ეს ჩვენი ნარკოპოლიტიკა“.
მისივე თქმით, ქვეყანა რაც უფრო ამკაცრებს ნარკოპოლიტაკას, მით მეტი ადამიანი იხოცება.
„ჩემი მიზანია, რომ რაც შეიძლება, ნაკლები ადამიანი მოკვდეს მაშინ, როდესაც ჩემი ოპონენტების მიზანია, ნაკლები მოლეკულა მოხვდეს ადამიანების ორგანიზმში. მოდით, ხალხნო, დაფიქრდით, რომელია უფრო ჰუმანური- როდესაც გიჭერენ, გაყიდინებენ ქონებას, ხართ რეპრესიის მსხვერპლი იმის გამო, რომ მთავრობას არ უნდა თქვენს სხეულში რაღაც მოლეკულა მოხვდეს, თუ მეორე- ჩემს მიერ შემოთავაზებული ვერსია, რომ მთელი ეს ამბავი მაფიოზების სფეროდან გადავიტანოთ სამედიცინო სფეროში და ადამიანები არ მოვკლათ ზედოზირებით, უხარისხო ნარკოტიკით და ადამიანები არ მოვკლათ ციხეში მაშინ, როდესაც მათ არავისთვის არაფერი არ დაუშავებიათ“,-განაცხადა იაგო ხვიჩიამ.










