ძალიან მისასალმებელია და მოსალოდნელიც იყო, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს მიენიჭებოდა პრიორიტეტული პროექტის სტატუსი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი ჩაივლის ისე ღირსეულად, როგორც ეკადრება თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ მედიასთან განაცხადა. მას კითხვა დაუსვეს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის შესახებ.
კირცხალიას თქმით, ეს პროექტი მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ევროპისთვის.
“კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ ისტორიული პროექტის მნიშვნელობას, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენს გეოგრაფიულ მდებარეობას, რაც ასე მნიშვნელოვანია და ისტორიულად მოსდევს ჩვენს ქვეყანას. ზოგადად ასეთი მნიშვნელობის პროექტები, როდესაც საქმე ეხება ენერგეტიკას, როდესაც საქმე ეხება დაკავშირებადობას და არა მხოლოდ ენერგეტიკული კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. ამ პროექტის დაანონსებისთანავე, როდესაც ჯერ მარტო პროექტირებაზე იყო საუბარი საზოგადოება და ყველა მხარე ძალიან კარგად ხვდებოდა და ვაცნობიერებდით და ვიცოდით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ეს პროექტი არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ევროპისთვის. რომ გითხრათ, მოულოდნელი იყო, ამას მოგატყუებთ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ეს პროექტი დაანონსების დღიდანვე ვიცოდით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იქნებოდა და ძალიან მისასალმებელია და მოსალოდნელიც იყო, რომ მას მიენიჭებოდა პრიორიტეტული პროექტის სტატუსი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი ჩაივლის ისე ღირსეულად, როგორც ეკადრება ამ პროექტს თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე”, – განაცხადა კირცხალიამ.











