ოპოზიციის აქტივისტი მაგდა მამუკაშვილი აქტივისტ ალბი კორძაიას ბრალდებას ეხმიანება, რომელმაც მოძრაობა „ნაბიჯის“ წევრი, ლუკა ჭოხონელიძე ქალის გაუპატიურებაში დაადანაშაულა.
მამუკაშვილი ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაციის სჯერა, სანამ საპირისპირო ვერსია არ დადასტურდება.
„ახლა დაიწყება მტყუან-მართლის გარჩევა, იმის გარჩევაც, საჯაროდ უნდა დაწერილიყო თუ არა, მაგრამ ყველას დაავიწყდება მთავარი: რას გრძნობს ახლა ის გოგო, ვინც სავარაუდოდ გააუპატიურეს. მინდა იცოდე, ჩემო ლამაზო, ჩემო პატარა, ჩემო ძვირფასო, რომ შენი ბრალი არ არის ის, რაც გადახდა, შენ არ გამოგიწვევია ეს ყოველივე. ახლა რთული პერიოდი გექნება და აუცილებლად ითხოვე დახმარება ახლობლების წრეში, ასევე, არსებობს სპეციალიზებული ორგანიზაციები. ამ მძიმე პერიოდს უნდა გაუძლო. აუცილებლად შეძლებ, რომ ფეხზე დადგე და ძლიერ ქალად იქცე. ახლა ყველაფერი რთულად გეჩვენება, მაგრამ ამ ამბისგან გამოწვეული ტკივილი აუცილებლად მინელდება. გთხოვ გაუძელი, გთხოვ მტკიცედ იდექი, მაგარი გოგო ხარ შენ! მე თუ მჯერა? ასეთ დროს ქალს რომ უთხრა, შენი არ მჯერაო, წარმოგიდგენიათ, ამან რა შეიძლება გამოიწვიოს? კი, ამისწინ რომ ჩვენმა ბაბლელმა გოგომ დაწერა გაუპატიურებაზე, ისიც დავიჯერე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს კურსელზე იყო ბრალდება და იმ ბიჭზე, რომელთანაც ხშირი საუბარი მქონია, შეიძლება ეწოდოს მეგობრობაც კი. ასეთ დროს მე ქალების მჯერა ხოლმე, ამის გამო კურსელმა ბიჭებმა ამკენწლეს, არ შეიძლება, მეორე მხარის მოსმენის გარეშე გჯეროდესო. მე ვიცი, რამდენს რისკავს ქალი, როცა ამას ამბობს, ამდენად მისი მჯერა, სანამ საპირისპირო არ დადასტურდება“- წერს მამუკაშვილი.











