პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველო ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, სულ უფრო შესამჩნევლად გამოდის ზეწოლის ობიექტის რეჟიმიდან და ბრუნდება იმ აქტივის კატეგორიაში, რომელსაც ანგარიშს უწევენ

აშშ-სთან ურთიერთობებისა და მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი. მისი განმარტებით, ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული სიგნალები მიუთითებს, რომ მაისში იგეგმება კონტაქტების გააქტიურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან, რაც შესაძლოა ორმხრივი დიალოგის პრაქტიკულ ეტაპზე გადასვლას ნიშნავდეს. ანალიტიკოსის შეფასებით, საქართველო თანდათან გამოდის ზეწოლის ობიექტის როლიდან და ბრუნდება იმ აქტორის პოზიციაში, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორები ანგარიშს უწევენ.

„ქვეყნის მოქმედი ხელისუფლების ლიდერების მხრიდან მიღებული ოფიციალური სიგნალები ნამდვილად მიუთითებენ იმაზე, რომ მაისში იგეგმება კონტაქტების გააქტიურება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტთან. შესაძლოა, ამ ეტაპზე საუბარი არ იყოს ოფიციალურად გამოცხადებულ ურთიერთობების „გადატვირთვაზე“, თუმცა ორმხვრივი დიალოგის პრაქტიკულ ფაზაზე გადასვლა აქეთკენ გადადგმული მკაფიო ნაბიჯია. გეოპოლიტიკაში მნიშვნელობა აქვს არა ფორმულირებებს, არამედ დინამიკას, და ეს დინამიკა აშკარად შეიცვლება უკვე მიმდინარე თვეში. საქართველო ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, სულ უფრო შესამჩნევლად გამოდის ზეწოლის ობიექტის რეჟიმიდან და ბრუნდება იმ აქტივის კატეგორიაში, რომელსაც ანგარიშს უწევენ. აშშ-სთან ინტენსიური დიალოგის აღდგენა არ არის იდეოლოგიური საკითხი — ეს არის ინტერესების გადანაწილება: ტრანზიტი, ლოჯისტიკა, ენერგეტიკა, რეგიონული სტაბილურობა. სწორედ ამ კონფიგურაციაში იწყებს თბილისი საკუთარი სუბიექტობის გაძლიერებას – არა დეკლარაციებით, არამედ პრაქტიკული მნიშვნელობით. და ეს უკვე ცვლის ყველა გარე მოთამაშის ქცევას – პირველ რიგში, რუსეთის.

ამ ფონზე მოსკოვის რეაქცია პროგნოზირებადად პრაგმატულია – საქართველო კრემლისთვის გამოდის იმ „ჩვეული“ კატეგორიებიდან, რომ: „ვიღას სჭირდება“, „მუხლებზე ხოხვით დაგვიბრუნდება“ და ა.შ. მკვდარნაშობი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შესაძლო ტრანსფორმაციაზე ნებისმიერი საუბარიც კი, რომელიც წამოიწყო რუსეთის საგარეო უწყებამ, არ არის უბრალოდ დიპლომატიური რიტორიკა – ეს არის მცდელობა, მოერგოს ახალ რეალობას. როდესაც პლატფორმა აღარ იძლევა ერთმხრივ უპირატესობებს, იწყება მისი „გადაწყობა“. ეს არის ირიბი აღიარება იმისა, რომ არსებული სტატუს-კვო სრულად აღარ აკმაყოფილებს რუსეთს, რაც ნიშნავს იმას, რომ მისთვის წლების განმავლობაში მომგებიანი ბალანსი ნელ-ნელა იცვლება. მთავარი კი ისაა, რომ მოსკოვისთვის საინტერესოა მხოლოდ (!) ის მოთამაშეები, რომლებსაც შეუძლიათ თამაშის წესებზე გავლენა მოახდინონ. სუსტი, დამოკიდებული და სხვის კონსტრუქციებში ჩაშენებული აქტორები არ არიან მისთვის მოლაპარაკებების სუბიექტები – ისინი მათი ობიექტები არიან. ამიტომ თბილისისთვის ერთადერთი სტრატეგიულად სწორი ხაზი არის საკუთარი ძალის ზრდა მრავალვექტორიანობის, ეკონომიკური მნიშვნელობისა და საგარეო პოლიტიკური ავტონომიის გზით. რაც უფრო დამოუკიდებელი იქნება საქართველო გარე ძალების თვალში, მით უფრო გაიზრდება ალბათობა, რომ მომავალში რუსეთთან დიალოგი წარიმართება არა „საქართველოს შესახებ“, არამედ საქართველოსთან და უკვე სრულიად სხვა პირობებზე აგებული,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა