„ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში წერს, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნა დაზარალებული ოჯახებისთვის ისტორიული სიმართლის აღდგენის მნიშვნელოვანი დოკუმენტია.
მეგრელიშვილის შეფასებით, აფრასიძეების საქმე იმდროინდელი ხელისუფლების მხრიდან ძალადობისა და უკანონო ანგარიშსწორების მძიმე მაგალითია, ხოლო, „ნაციონალური მოძრაობა“ წარსულში ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობას არ აღიარებს და დაზარალებულ ოჯახებს დღესაც შეურაცხყოფს.
მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ წარსულის შეფასებასა და დაზარალებულთა სიმართლის აღიარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რათა ქვეყანაში მსგავსი მმართველობა აღარ განმეორდეს.
„საგამოძიებო კომისიის მიერ გამოქვეყნებული დასკვნა არის დოკუმენტი, რომელმაც დაზარალებულ ოჯახებს ხმა დაუბრუნა.
ეს არის მორალური და პოლიტიკური განაჩენი იმ სისხლიანი რეჟიმისა, სადაც ადამიანის უფლებების დარღვევები, პატიმართა წამება, ბიზნესის რეკეტი და მედიაზე ზეწოლა არა ცალკეული გადაცდომები, არამედ სისტემური სახელმწიფო პოლიტიკა იყო.
ეს დასკვნა გახლავთ სამართლებრივი პრეცედენტი, სადაც ფაქტებზე დაყრდნობით „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა სისტემურ ძალადობად ფასდება და ემსახურება ისტორიული მეხსიერების დაცვას, მთავარი მიზნით — ქართულ სახელმწიფოში ამგვარი მმართველობის დაშვება აღარ მოხდეს.
აფრასიძეების საქმე არის დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტი იმისა, თუ როგორ შეეძლო იმდროინდელ სახელმწიფო მანქანას სასამართლოსა და გამოძიების გარეშე, სამხედრო ვერტმფრენებითა და ასეულობით სპეცრაზმელით თავს დასხმოდა საკუთარ მოქალაქეებს.
სახლს, სადაც ქალები და ბავშვები იმყოფებოდნენ, ალყა შემოარტყეს და ყოველგვარი წინასწარი მოთხოვნის გარეშე გაუხსნეს მასირებული ცეცხლი.
ადგილზევე იქნენ მოკლული ევგენი და ომეხ აფრასიძეები.
სახელმწიფო ინსტიტუტებმა იმოქმედეს არა სამართლიანობის, არამედ ძალადობრივი ანგარიშსწორების პრინციპით.
სპეცოპერაციის სისასტიკის გადასაფარად კი, საზოგადოების თვალში, ოჯახს არჩადენილ დანაშაულებებს აბრალებდნენ.
ქალბატონი დოდო აფრასიძე სპეცოპერაციის დროს მოკლული ევგენი აფრასიძის მეუღლე და მოკლული ომეხ აფრასიძის დედა, ლედი და გიორგი აფრასიძეები — ევგენი აფრასიძის შვილიშვილები (სპეცოპერაციის დროს დაკავებული შმაგი აფრასიძის შვილები), რომლებიც 2004 წელს, სოფელ ეცერში სახლის დაბომბვისა და ალყის დროს, მცირეწლოვნები იყვნენ და ტყვიებს სასწაულებრივად გადაურჩნენ, არიან მაგალითი იმისა, რომ კანონი ყველაფერს თავის სახელს არქმევს.
წლების შემდეგ, მიუხედავად განვლილი უმძიმესი ტრავმებისა, შიშისა და სახელმწიფო მანქანის მხრიდან წლების განმავლობაში არსებული ზეწოლისა, ამ ადამიანებმა შეძლეს შეენარჩუნებინათ მორალური ძალა და საზოგადოებისთვის ეთქვათ დამალული სიმართლე.
საგამოძიებო კომისიის მიერ შექმნილი დოკუმენტი, რეჟიმის სისხლიანი მმართველობის ფაქტობრივი დადასტურების გარდა, არის ისტორიული სარკე, რათა გვახსოვდეს, რომ რეჟიმის მსხვერპლი არიან არა აბსტრაქტული ფიგურები, არამედ კონკრეტული ბავშვები, ქალები და ოჯახები, რომელთა სიცოცხლეც სისხლიანი რეჟიმის უკანონობას, პოლიტიკურ პიარსა და ძალის დემონსტრირებას შეეწირა.
ფაქტია ისიც, რომ წლების შემდეგ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ არა თუ ნანობს წარსულში ჩადენილ სისტემურ დანაშაულებებს, არამედ დღესაც ღიად დასცინის, აბუჩად იგდებს და სულში აფურთხებს იმ გამწარებულ ადამიანებს, რომლებმაც შვილების, მამებისა და ოჯახების განადგურების ქრონიკა მთელი ქვეყნის გასაგონად კიდევ ერთხელ გააცოცხლეს და მაშინ ვერთქმული ახლა თქვეს.
ეს არის მკაფიო და უტყუარი შეხსენება საზოგადოებისთვის, თუ რა სადისტურ ძალასთან გვქონდა და გვაქვს საქმე. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ძალა, რომელსაც არც მორალი და არც ადამიანური თანაგრძნობის უნარი გააჩნია და დღეს, როცა საკუთარი მოქალაქეების ტერორი აღარ შეუძლია, ღიად დასცინის ამ ხალხს. წარსულის მათ ამ სისხლიან ისტორიებსა და დღევანდელ ცინიზმს ბოლო უნდა მოეღოს და ეს ძალა, თავისი პოლიტიკური ანასხლეტებით, უნდა გასამართლდეს.“ – წერს მეგრელიშვილი.













