რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ 8 მაისს საკუთარ Telegram-არხზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის სამხრეთში 13-მა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა. შეზღუდვების მიზეზი გახდა უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების შეტევა დონის როსტოვში მდებარე „რუსეთის სამხრეთის აერონავიგაციის“ ფილიალის შენობაზე.
უწყების დაზუსტებით, მუშაობა შეჩერებულია შემდეგ ქალაქებში: ასტრახანი, ვლადიკავკაზი, ვოლგოგრადი, გელენჯიკი, გროზნო, კრასნოდარი, მაჰაჩყალა, მაგასი, მინერალური წყლები, ნალჩიკი, სოჭი, სტავროპოლი და ელისტა. სამინისტროს განცხადებით, ამჟამად ფრენების განრიგი კორექტირებას გადის.\
ავიაკომპანიებმა უკვე დაიწყეს მგზავრების გაფრთხილება რეისების გაუქმების შესახებ. მოქალაქეებს ურჩევენ, თავი შეიკავონ აღნიშნული მიმართულებებით გამგზავრებისგან და თვალი ადევნონ ავიაკომპანიების ოფიციალურ განცხადებებს ბილეთების დაბრუნებისა თუ გადაცვლის თაობაზე.
აღსანიშნავია, რომ 6 მაისის ღამეს შემოღებული ანალოგიური შეზღუდვების გამო, რუსეთის აეროპორტებში არაერთი რეისი რამდენიმე საათით, ზოგიერთ შემთხვევაში კი თითქმის ერთი დღე-ღამითაც შეფერხდა.











