უცხოური მედია

უკრაინაში სუროგაციის ინდუსტრია ომის ფონზე და ახალი აკრძალვების მოლოდინში (BBC-ის მიხედვით)

უკრაინა, რომელიც წლებია კომერციული სუროგაციის ერთ-ერთ გლობალურ ცენტრად ითვლება, რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის მიუხედავად, კვლავ აგრძელებს უცხოელი წყვილებისთვის რეპროდუქციული მომსახურების მიწოდებას. თუმცა, ომმა ინდუსტრიაში ახალი ეთიკური, სამართლებრივი და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოშვა. ამის შესახებ BBC-ის სტატიაში წერია.

BBC-ის მასალაში აღნიშნულია, რომ ომის გამო შექმნილმა მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ, საცხოვრებლის დაკარგვამ და უმუშევრობამ ბევრი უკრაინელი ქალი აიძულა, სუროგაცია გადარჩენის ერთადერთ გზად ექცია. თუ ადრე ქალები ამ ნაბიჯს ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად დგამდნენ, ახლა ეს ხშირად ელემენტარული არსებობისთვის, ვალების დასაფარად ან შვილების გამოსაკვებად გადადგმული აუცილებლობაა. მიუხედავად სარაკეტო დარტყმებისა და ლოგისტიკური სირთულეებისა, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან წყვილები კვლავ ჩადიან უკრაინაში. კლინიკები ადაპტირდნენ ომის პირობებთან: ბავშვთა ოთახები თავშესაფრებშია მოწყობილი, ხოლო გენეტიკური მასალის შენახვა სპეციალურ დაცულ რეჟიმში ხდება. უკრაინა უცხოელებს ლიბერალური კანონმდებლობითა და დაბალი ფასებით იზიდავს — აქ სუროგაციის პაკეტი 40-დან 65 ათას ევრომდე ღირს, რაც ბევრად ნაკლებია დასავლურ ქვეყნებთან შედარებით.

უკრაინის ხელისუფლება სფეროს რეგულირების გამკაცრებას გეგმავს. უმაღლეს რადაში განიხილება კანონპროექტი, რომელიც შესაძლოა კრძალავდეს სუროგაციას იმ წყვილებისთვის, რომელთაგან არცერთი არ არის უკრაინის მოქალაქე. ძირითადი არგუმენტები დემოგრაფიულ კრიზისს, ქვეყნიდან გაყვანილი ბავშვების ბედზე კონტროლის ნაკლებობასა და ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას უკავშირდება. უფლებადამცველთა ნაწილი სუროგაციას რეპროდუქციულ ექსპლუატაციას უწოდებს და სრულ აკრძალვას მოითხოვს, რადგან მიიჩნევენ, რომ ომი ქალებს მოწყვლადს ხდის და აიძულებს საკუთარი ჯანმრთელობით ივაჭრონ. მეორე მხრივ, თავად სუროგატი დედები და კლინიკების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აკრძალვა ინდუსტრიას ჩრდილოვან ბაზარზე გადაიყვანს და ათასობით ქალს შემოსავლის გარეშე დატოვებს.

ამ ეტაპზე ინდუსტრია გაურკვევლობაშია: კანონპროექტი განხილვის პროცესშია, ხოლო მოთხოვნა რეპროდუქციულ მომსახურებაზე, გლობალური უშვილობის ზრდის ფონზე, მხოლოდ იმატებს.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა