პარტია „გირჩის“ წევრი ლევან ჯგერენაია „ოპოზიციური ალიანსის“ მიერ გამართულ 26 მაისის აქციას ეხმიანება და ამბობს, რომ თავს იტყუებენ და სხვებსაც ატყუებენ, რომ აქციაზე გამოსულების რაოდენობას კი არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ტელევიზორში ბევრი უყურებდა და ეს ადასტურებს, რომ პროტესტი არსებობს ხალხში და მხარს გვიჭერენო.
ჯგერენაია ირონიით წერს, რომ რადიოში რამდენი უსმენდა პროტესტს, ეგეც მისათვლელია.
„ნაცვლად იმისა, რომ გაიაზრონ რატომ არ გამოდის ხალხი აქციებზე და ეგ პრობლემა მოაგვარონ, თავს იტყუებენ და სხვებსაც ატყუებენ (სხვებს ატყუებენ ხოლმე ძირითადად), რომ აქციაზე გამოსულების რაოდენობას კი არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ტელევიზორში ბევრი უყურებდა და ეს ადასტურებს, რომ პროტესტი არსებობს ხალხში და მხარს გვიჭერენო. მაშინ საერთოდ რატომ ეპატიჟებოდნენ აქციაზე ხალხს? ეთქვათ: ხალხო, არ შეწუხდეთ აქციაზე მოსვლით, მთავარია ტელევიზორი ჩავრთოთ ყველამ და ასე გავაპროტესტოთ ხელისუფლების მავნებლობები. როგორც ყოველთვის, სიმართლის თქმა და პრობლემაზე მითითება ქოცობაა, ხალხის მოტყუება – ქოცებთან ბრძოლა. ამიტომაც დღითიდღე ძლიერდება პროტესტი, წალეკა ტელევიზიები. პ.ს. რადიოში რამდენი უსმენდა პროტესტს, ეგეც მისათვლელია, რა. რადიო, ტვ, მობილურები, ფაქტობრივად, მთელი ქვეყანა აპროტესტებდა.“- წერს ჯგერენაია











