ევრობიუროკრატიის წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ, რათა ამ ქვეყანაში პოლიტიკური დაპირისპირება შემოიტანონ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
გორდულაძემ კომენტარი გააკეთა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის, კაია კალასის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ევროკავშირს უკრაინაზე მოლაპარაკებების ფარგლებში შეუძლია, მოსთხოვოს რუსეთს არმიის შემცირება, მოლდოვიდან და საქართველოდან ჯარების გაყვანა, ეს ევროპული უსაფრთხოების ინტერესშია“.
როგორც გორდულაძემ აღნიშნა, ევრობიუროკრატთა ზღვარგადასულ ქმედებებს რამდენიმე განცხადების გაკეთება ვერ დაავიწყებს.
„კაია კალასმა იპოვა, სად არის საქართველო რუკაზე თუ ამ განცხადებებს თანაშემწეები უწერენ? კაია კალასი, მარტა კოსი და ევრობიუროკრატიის მაღალი თანამდებობის სხვა წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური დაპირისპირება შემოიტანონ, ქართველი ხალხი ერთმანეთისგან გამიჯნონ და დააშორონ, ასევე სიძულვილის კამპანიები აწარმოონ, სიძულვილის ენით გამორჩეულ ადამიანებს გვერდში დაუდგნენ მათი წარმომადგენლების სახით, მათ შორის, ისეთ უმსგავსობასა და დიპლომატიურ სკანდალზე წავიდნენ, როგორიც კონკრეტული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების აქციაზე დადგომაა. მათ ყველანაირ ზღვარგადასულ ქმედებებსა თუ განცხადებებს რამდენიმე განცხადების გაკეთება ვერ დაგვავიწყებს“, – აღნიშნა გორდულაძემ.











