პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონული მდივანი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე რამდენიმე დღის წინ მედიასთან გამოეხმაურა მამუკა მდინარაძისა და ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ სვანეთში უკანონო კრიპტომაინინგის აღმოსაფხვრელად დაიწყება გამრიცხველიანების პროცესი. ჯაფარიძის განცხადება ოპოზიციურმა მედიამ და რადიკალურმა ოპოზიციამ კონტექსტიდან ამოგლეჯილი სახით გაავრცელა – თითქოს დეპუტატი ემხრობა სვანეთში უფასო ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას.
საკითხზე ვიქტორ ჯაფარიძემ დღეს კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი და განმარტა თავისი პოზიცია. მისი სიტყვებით, მედიასთან საუბარში მან ხაზი გაუსვა მაინერების პრობლემას და თქვა, რომ სახელმწიფოს პრეტენზია აქვს არა მოსახლეობასთან, არამედ კანონის დამრღვევებთან:
„ოპოზიციური ტელევიზიების და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების დანიშნულებაა, რომ „ფეიკი“ გამოიტანონ და ილაპარაკონ ტყუილი. ბატონმა მამუკა მდინარაძემ ცალსახად თქვა, რომ მოსახლეობასთან პრეტენზია არ აქვთ, პრეტენზია აქვთ იმ ადამიანებთან, ვინც მოსახლეობის ხარჯზე კრიპტომაინინგით არის დაკავებული. მთავრობა უფასო ენერგიას აძლევს მოსახლეობას და ამ დროს, ვიღაცები ამ ელექტროენერგიას უკანონოდ იყენებენ. ამ საკითხზე ვისაუბრე და გაუგებარია ჩემთვის, რას მოჰყვა სპეკულაცია.
რომ მეთქვა, კარგია, მოსახლეობას აუცილებლად უნდა დაუწესდეს გადასახადი – სხვა თემაა, მაგრამ მე სხვა რაღაც ვთქვი – სახელმწიფო და ქართული ხელისუფლება არ დატოვებს მოსახლეობას პრობლემების პირისპირ, მოულოდნელად არ ჩაუჭრის ელექტროენერგიას. ჯერ მიყვებიან და ამოიღებენ ამ მაინერებს, რომ დადგინდეს – რა რაოდენობის ელექტროენერგიას მოიხმარს მესტიის მოსახლეობა და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება გამრიცხველიანებასთან დაკავშირებით.
ჩემს ინტერვიუში ვთქვი ისიც, რომ ვინაიდან ყაზბეგში არის შეშით მომარაგების პრობლემა, ამიტომ სახელმწიფო ადგილობრივ მოსახლეობას ბუნებრივი აირის გადასახადს უსუფსიდირებს. დარწმუნებული ვარ, სვანეთის მოსახლეობასაც ხელისუფლება დაუსუბსიდირებს ელექტროენერგიის ღირებულებას, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველებს და, აქედან გამომდინარე, მათ არ შეექნებათ პრობლემა. მით უმეტეს, სვანეთი გაზიფიცირებული არ არის და მთელი მოსახლეობა ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული. საერთო ჯამში კი, დღესდღეობით არა მხოლოდ სოციალურად დაუცველებს, არამედ მთელი სვანეთის მოსახლეობას აქვს პრობლემა ამ უკანონო მაინინგების გამო, ვინაიდან დენის ძაბვა 220 ვოლტი კი არა 140 ვოლტიც არ მიეწოდება, უფრო მეტიც, ხშირია ელექტროენერგიის საერთოდ გათიშვის შემთხვევებიც. სწორედ ამის გამო მოსახლეობა ელემენტარულად სარეცხ მანქანას, ტელევიზორს, უთოს და ა.შ. ვერ რთავს და ესეც პრობლემაა. ხოლო როდესაც ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაზე ვსაუბრობთ და მაგალითად, ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ტურისტულ ზონაში მესტიაში – სამთო-სათხილამურო კურორტ თეთნულდში ჩამოდის ტურისტი და მას საბაგირო ხვდება გათიშული, ეს არის სრულიად დაუშვებელი.
აღსანიშნავია ისიც, რომ სვანეთში 2012 წლამდე სულ ერთი სასტუმრო და რამდენიმე „გესთჰაუსი“ იყო, დღეს კი სასტუმროებისა და საოჯახო სასტუმროების რაოდენობამ 800-ს გადააჭარბა. აბსოლუტურად ყველა კეთილმოწყობილია, ყველას აქვს ელექტროენერგიაზე მომუშავე გათბობა და ყველა ის სერვისი, რისი მიწოდებაც მოსახლეობას ტურისტებისთვის შეუძლია. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ტურიზმის განვითარებაა და ამ მიზნით არაერთი ნაბიჯი გადაიდგა და დღესაც იდგმება მმართველი გუნდის მიერ. სწორედ ამის დადასტურებაა მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ აუცილებლად გათვალისწინებული იქნება მოსახლეობის პრობლემები. ოპოზიციურმა ტელევიზიებმა კონტექსტიდან ამოგლეჯილად გაავრცელეს ჩემი ნათქვამი. ვინმეს თუ რამე აინტერესებს და ჩემს ნათქვამზე პრეტენზია აქვთ, ბატონებო, იქნებ დაინტერესდეთ ბოლომდე იმით, რაც ვთქვი და მაინცდამაინც „ტვ პირველის“ და „მთავარის“ ნიუსებით არ იმსჯელოთ.“ – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.











