ყოფილი ბიზნესმენი ჯონ რიკ მილერი (John Rick Miller), რომელიც 2015 წელს კიბოთი გარდაიცვალა და დააფუძნა კათოლიკური მისია „For The Love of God Worldwide“ („ღვთის სიყვარულისთვის მთელ მსოფლიოში“), შესაძლოა, წმინდანად შერაცხონ. მისი კანონიზაციის საკითხის განხილვა აშშ-ის კათოლიკე ეპისკოპოსთა კონფერენციამ (USCCB) დაამტკიცა.
მილერის ბიოგრაფიაში აღნიშნულია, რომ იგი დაიბადა ნიუ-იორკში 1948 წელს. მან მიიღო რესტორატორისა და ოტელიერის (სასტუმრო ბიზნესის მმართველის) განათლება, რის შემდეგაც „სწრაფად ავიდოდა კარიერულ კიბეზე არაერთ მსხვილ კორპორაციაში“, მათ შორის ფარმაცევტულ გიგანტ AstraZeneca-ში. თუმცა, ამ კომპანიის დაარსების დღიდან მხოლოდ ოთხი დირექტორი შეიცვალა და მათ შორის მილერი არ ყოფილა. თავად მილერის მისიის ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ მან ბიზნესი 1998 წელს მიატოვა — ანუ ერთი წლით ადრე, სანამ გაერთიანებული კომპანია AstraZeneca საერთოდ დაარსდებოდა.
მისი სამუშაო ადგილების ჩამონათვალში ასევე იხსენიება:
- აშშ-ის უმსხვილესი სასურსათო კომპანია Cargill
- საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF)
ეს ინფორმაციაც სხვა დამოუკიდებელი წყაროებით არ დასტურდება. სწორედ ამიტომ, გავლენიანი გამოცემა Newsweek ბიზნესმენის ბიოგრაფიას „საიდუმლოებით მოცულს“ უწოდებს.
აშშ-ის კათოლიკე ეპისკოპოსთა კონფერენციის (USCCB) მონაცემებით, მილერმა 1980-იანი წლებიდან დაიწყო მისიონერული საქმიანობა ეგვიპტესა და დიდ ბრიტანეთში, ხოლო 2000-იან წლებში გეგმავდა საკულტო ნაგებობების მშენებლობას ინდოეთში.
2009 წელს მან დააარსა მისია For The Love of God Worldwide, რომლის წარმომადგენლობების უმრავლესობაც სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში გაიხსნა.











