პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველოს ტერიტორიაზე შეიძლება მოძრაობდეს არა მხოლოდ ტვირთი, მგზავრი და ელექტროენერგია, არამედ თანამედროვე ეკონომიკაში არანაკლებ ძვირფასი რესურსი – მონაცემები და გამოთვლითი სიმძლავრეები

„ცნება „საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი“ სრულიად ახალ – უკვე ტექნოლოგიურ შინაარსსაც შეიძენს“ – წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი პირველი საერთაშორისო Tier III სტანდარტის კომერციული მონაცემთა ცენტრის პროექტი წარმატებით განხორციელდება.

დავით ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ თანამედროვე ეკონომიკაში არანაკლებ ძვირფასი რესურსია მონაცემები და გამოთვლითი სიმძლავრეები და ეს დარგი საქართველოს უაღრესად პერსპექტიული ქვეყნად აქცევს.

„თბილისში საქართველოს პირველი საერთაშორისო Tier III სტანდარტის კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობის დაწყება, ერთი შეხედვით, შესაძლოა მხოლოდ საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებისთვის საინტერესო სიახლედ მოგვეჩვენოს. სინამდვილეში კი, საუბარია გაცილებით მნიშვნელოვან მოვლენაზე: ქვეყანაში იქმნება ერთგვარი მაღალტექნოლოგიური და საიმედოდ დაცული „ციფრული საცავი“, სადაც შესაძლებელი იქნება ბანკების, კომპანიების, სახელმწიფო დაწესებულებებისა და ტექნოლოგიური ბიზნესის უზარმაზარი მოცულობის ინფორმაციის შენახვა და დამუშავება. 2 მეგავატი სიმძლავრის ცენტრს Silknet აშენებს, მის ოპერირებას Silk Cloud განახორციელებს, ხოლო ექსპლუატაციაში გაშვება 2027 წელს იგეგმება. რაც მთავარია, მშენებლობა უკვე დაწყებულია, ანუ საქმე გვაქვს არა ციფრული მომავლის შესახებ მორიგ ლამაზ მემორანდუმთან, არამედ რეალურ ინფრასტრუქტურულ პროექტთან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს ობიექტი მხოლოდ დღევანდელი საჭიროებების გათვალისწინებით არ იქმნება. მისი ინფრასტრუქტურა გათვლილია ღრუბლოვან ტექნოლოგიებსა და ხელოვნური ინტელექტის სისტემებზეც, რომლებსაც განსაკუთრებით დიდი გამოთვლითი რესურსები სჭირდება. საერთაშორისო Tier III სტანდარტი კი, მაღალ საიმედოობას გულისხმობს – უმნიშვნელოვანესი ტექნიკური სამუშაოების ჩატარება შესაძლებელი იქნება მოქმედი სერვისების გათიშვის გარეშე.

პროექტში მონაწილეობენ მსხვილი საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის Orange, Atos, BCG და Huawei. ჯერ კიდევ 2025 წლის მაისში Silknet-მა Orange Polska-სთან ერთად მსგავსი ცენტრის შექმნისთვის მზადების შესახებ განაცხადა. ახლა კი, ეს იდეა უკვე უშუალოდ მშენებლობის ეტაპზე გადავიდა. საქართველოსთვის აქ კიდევ ერთი პრინციპული უპირატესობა იკვეთება: ქართული ორგანიზაციების მონაცემების შენახვა და დამუშავება უშუალოდ ქვეყნის შიგნით, საერთაშორისო კლასის ინფრასტრუქტურაზე გახდება შესაძლებელი. ეს მხოლოდ ბიზნესის კომფორტის საკითხი არ არის – ეს ქვეყნის ციფრული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტიცაა. ამასთანავე, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა კვლავ იწყებს ქვეყნის სასარგებლოდ მუშაობას: Silknet-ის არსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი ტრანსსასაზღვრო კავშირებით სომხეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთს უკავშირდება, მათი გავლით კი – ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და აზიას. შესაბამისად, ახალ მონაცემთა ცენტრს პოტენციალი აქვს, მხოლოდ საქართველოს შიდა ბაზარზე კი არა, მთლიანად “კავკასია-შავი ზღვის” უფრო ფართო რეგიონზეც იმუშაოს. სწორედ ამიტომ ღირს ამ სიახლის განხილვა შუა დერეფნის, პორტების, რკინიგზის, აეროპორტებისა და ენერგეტიკული კავშირების განვითარების საერთო კონტექსტში. საქართველოს ტერიტორიაზე შეიძლება მოძრაობდეს არა მხოლოდ ტვირთი, მგზავრი და ელექტროენერგია – თანამედროვე ეკონომიკაში არანაკლებ ძვირფასი რესურსია მონაცემები და გამოთვლითი სიმძლავრეები. ერთი მონაცემთა ცენტრი, რა თქმა უნდა, საქართველოს ერთ დღეში „ციფრულ სინგაპურად“ ვერ გადააქცევს, თუმცა მიმართულება უაღრესად პერსპექტიულია: ქვეყანა თანდათან თავის ტრადიციულ უპირატესობას – ევროპასა და აზიას შორის მდებარეობას – თანამედროვე ციფრული ინფრასტრუქტურით ავსებს. და თუ პირველ ასეთ ობიექტს ახალი მონაცემთა ცენტრები, ღრუბლოვანი პლატფორმები და ხელოვნურ ინტელექტში ინვესტიციები მოჰყვება, ცნება „საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი“ სრულიად ახალ – უკვე ტექნოლოგიურ – შინაარსსაც შეიძენს“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა