საქართველოში დესტაბილიზაციის ახალი ტალღის შესაძლებლობაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა და რადიკალი არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით ბახმაროში მოწყობილ სემინარს გამოეხმაურა, რომელსაც ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ეკა სეფაშვილის თქმით, სულ მალე გამოიკვეთება სემინარის ჩატარების მიზნები. მან არ გამორიცხა, რომ ბახმაროს შეკრების მონაწილეებს გლობალურმა ძალებმა მისცეს ახალი დავალება, რომლის მიზანია საქართველოში დესტაბილიზაციის ახალო კერის წარმოქმნა.
„ბახმაროში ჩატარებული სემინარი საყურადღებოა ერთი მომენტის გამო – რამდენიმე დღის წინ ნორვეგიის ელჩთან ჩატარდა გასაიდუმლოებული შეხვედრა, რასაც ბახმაროს შეკრება მოჰყვა. ეს ორი მოვლენა ერთმანეთთან კავშირშია და ერთი სცენარის ორ ფრაგმენტს წარმოადგენს. ამ სცენარში იგულისხმება ის, რომ გლობალური ძალების ერთ-ერთ სამიზნედ არჩეულია საქართველო, სადაც ამ ძალებს ხელისუფლების შეცვლის მიზნით არეულობის მოწყობა სურთ. მათ უნდათ, ქვეყნის ხელისუფლება ისეთი ადამიანებით შეცვალონ, რომლებიც მათ ნება-სურვილს უსიტყვოდ დაემორჩილებიან. ამ სცენარის ასამოქმედებლად ახალი ფაზა დაიწყო, რომლის შემადგენელი ნაწილიც ნორვეგიის ელჩთან საიდუმლო შეხვედრა და ბახმაროს სემინარია. ეს ყველაფერი ჩვენ ერთხელ უკვე გავიარეთ, როცა უამრავ საელჩოში იმართებოდა მსგავსი აუდიენციები და ზუსტად ვიცით, რა შეიძლება ამას მოჰყვეს. უცხო ძალებისგან უნდა ველოდოთ ახალ მითითებებს, რომელთა შესახებაც ძალიან მალე გავიგებთ – ნიკა გვარამია და ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე, რომლებიც ამ შეხვედრებზე იყვნენ, სულ მალე გააჟღერებენ უცხო ძალებისგან მიღებულ დავალებებს. საქართველოში პოლარიზაციის ახალ ტალღას ვიხილავთ, რომელიც ისევ და ისევ გლობალური ძალების მიერ დაფინანსებული, მხარდაჭერილი და კოორდინირებული იქნება,”- განაცხადა ეკა სეფაშვილმა. დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ სემინარის გამართვის კანონიერების საკითხს შესაბამისი ორგანოები შეისწავლიან და დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში დამნაშავეები დაისჯებიან. „დარწმუნებული ვარ, ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები ბახმაროს სემინარს გამოიკვლევენ და დაადგენენ, ჩატარდა თუ არა ის კანონის გვერდის ავლით. დარწმუნებული ვარ, დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ამ შეხვედრების ორგანიზატორებს კანონის წინაშე პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.











