ელიზაბეთ ლეინი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე
„გზავნილი დონალდ ტრამპს“
სოციალურ ქსელ X-ზე ქართული წარმოშობის ამერიკელმა ჟურნალისტმა ელიზაბეტ ლეინმა გამოაქვეყნა ვრცელი პოსტი. ის საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და საპროტესტო აქციებს გეოპოლიტიკური დაპირისპირებისა და უცხოური ჩარევის კონტექსტში აფასებს.
ავტორის შეფასებით, საქართველო ცდილობს შეინარჩუნოს პოლიტიკური დამოუკიდებლობა და უარს ამბობს დასავლური ცენტრების (ვაშინგტონის, ლონდონის, ბრიუსელის, პარიზისა და ბერლინის) „გლობალისტურ დღის წესრიგზე“, რასაც დასავლეთის მხრიდან მძაფრი რეაქცია და ზეწოლა მოჰყვა.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„მათთვის, ვისაც გულწრფელად სურს გაიგოს, რა ხდება საქართველოში, ერთი ფუნდამენტური საკითხით უნდა დავიწყოთ: საქართველო ცდილობს შეინარჩუნოს პოლიტიკური დამოუკიდებლობა და სწორედ ეს არის ის, რისი მიღებაც გარკვეულ დასავლურ პოლიტიკურ ისტებლიშმენტებს არ სურთ. თქვენ ნახეთ მილიონობით დოლარი, რომელიც USAID-ის გავლით საქართველოში პროპაგანდისტული მანქანისთვის იგზავნებოდა — ისინი ჩაფლავდნენ! საქართველომ აირჩია გზა, რომელიც აუცილებლად არ ემთხვევა ვაშინგტონის, ლონდონის, ბრიუსელის, პარიზის ან ბერლინის ინტერესებს — მათი ინტერესი გლობალიზმია, საქართველომ კი უარი თქვა.
წლების განმავლობაში საქართველო განიცდიდა პოლიტიკურ ზეწოლას და მისი მთავრობის შერყევის მცდელობებს უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ მხარდაჭერილი მოძრაობების მეშვეობით. საქართველოს მთავრობისა და მისი მხარდამჭერების არგუმენტი ის არის, რომ ეს ორგანიზაციები უბრალოდ დემოკრატიას ან სამოქალაქო საზოგადოებას კი არ უწყობენ ხელს, არამედ კონკრეტულ გეოპოლიტიკურ დღის წესრიგს ატარებენ.“,-წერს ლეინი.
იგი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის მთავრობებს აკრიტიკებს იმის გამო, რომ საკუთარი შიდა პრობლემებისა და დემონსტრაციების ფონზე სხვა ქვეყნებს დემოკრატიაზე მიუთითებენ.
„ევროპის მთავრობები, რომლებიც დანარჩენ მსოფლიოს დემოკრატიაზე, თავისუფლებასა და პოლიტიკურ ანგარიშვალდებულებაზე ლექციებს უკითხავენ, თავად დგანან საზოგადოების სერიოზული უკმაყოფილების... წინაშე.“
ავტორი მიიჩნევს, რომ ევროპის პროტესტები შიდა პოლიტიკასა და რეგულაციებს უკავშირდება, ხოლო საქართველოს აქციები გარე ძალების მიერ მართული პროცესი.
„საქართველოს პროტესტი არის გლობალისტების მცდელობა, ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება საქართველოში; ახლა ვისაუბროთ იმაზე, თუ ვინ დგას სინამდვილეში საქართველოს ქუჩებში. უნდა გავიხედოთ ემოციური კადრების, ლოზუნგებისა და ევროკავშირის დროშების მოფრიალე ახალგაზრდების მიღმა. რატომ არიან უცხო ქვეყნის მთავრობები ასე დაინტერესებულნი ამ შედარებით პატარა ქვეყნის პოლიტიკური კურსით? აფინანსებენ პროტესტს ისე, როგორც ეს უკრაინაში გააკეთეს. რატომ იწვევს საქართველოს გადაწყვეტილება, გაატაროს უფრო დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა, ასეთ მძაფრ რეაქციას?
და რატომ უნდა ჩათვალონ ქართველებმა ავტომატურად, რომ ორგანიზაციებს, რომლებიც უცხო ქვეყნის მთავრობებისგან იღებენ ფულს, საკუთარი პოლიტიკური ინტერესები არ გააჩნიათ?
ახალგაზრდები განსაკუთრებით მოწყვლადები არიან პოლიტიკური გზავნილების მიმართ. ბევრს გასაგები მიზეზების გამო იზიდავს ჰოლივუდური სტილის დემოკრატიის იდეა! კეთილი ბოროტის წინააღმდეგ. კაპიტანი ამერიკა!!! სატელევიზიო პროპაგანდა, რომლითაც შეერთებული შტატები ხალხს მუდამ კვებავდა.
მაგრამ არის განსხვავება უკეთესი ქვეყნის სურვილსა და სხვისი გეოპოლიტიკური სტრატეგიის პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცევას შორის — სწორედ ამად არიან დღეს ქცეულნი ეს ქართველები ქუჩაში!
უცხოური დაფინანსება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ვიღაც შეგნებულად მუშაობს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ზოგჯერ ეს უბრალოდ იმის ბრალია, რომ სულელი ხარ, რომელსაც ლამაზი ოცნება მიჰყიდეს ადამიანებმა, რომლებსაც საკუთარი მოქალაქეებისთვისაც კი არ შეუძლიათ ამ ოცნების ასრულება.
ისინი იმდენად არიან დარწმუნებულნი უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების დაპირებებში, რომ ვერ ხედავენ რეალობას: ქვეყნები, რომლებიც ამ მოძრაობებს აფინანსებენ, თავად ებრძვიან იმავე პრობლემების დიდ ნაწილს, რომელთა მოგვარებასაც საქართველოს ჰპირდებიან. სინამდვილეში, საქართველო დღეს ევროკავშირის ბევრ ქვეყანაზე უკეთეს მდგომარეობაშია!
ახალგაზრდები ილუზიას მისდევენ, სჯერათ, რომ ვიღაც დიდი დემოკრატიული ძალა აფინანსებთ უკეთესი მომავლის ასაშენებლად, და არც კი ჩერდებიან, რომ დაფიქრდნენ, აქვს თუ არა ამ ძალას საკუთარი დღის წესრიგი, ან საერთოდ არსებობს თუ არა ეს დაპირებული მომავალი.
ხალხმა კითხვები უნდა დასვას, შეისწავლოს დაფინანსების წყაროები, გაიგოს პოლიტიკური ინტერესები და ისწავლოს უცხოური ჩარევის ისტორია.“,-წერს ლეინი.
ავტორი იხსენებს „ვარდების რევოლუციას“ და მიხეილ სააკაშვილის მმართველობას, 2008 წლის ომს და მოუწოდებს ახალგაზრდებს, დაფიქრდნენ უცხოური დაფინანსების მიზნებზე.
„საქართველომ უკვე გამოსცადა პოლიტიკური დამოკიდებულებისა და უცხოური ჩარევის შედეგები სააკაშვილის — CIA-ს (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს) მარიონეტი აგენტის დროს.“ „მართლა გგონიათ, რომ თავიანთ ახალ ძაღლს წინასგან განსხვავებულად გაწვრთნიან? იოცნებეთ!“,-წერს ავტორი.
პოსტის ბოლოს ლეინი პირდაპირ მიმართავს აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, და ურჩევს მას, შეუზღუდოს სადაზვერვო სააგენტოებს სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევის შესაძლებლობა, რათა თავიდან აიცილოს ფართომასშტაბიანი კონფლიქტი და საქართველოს „მეორე ფრონტად“ გადაქცევა.
„თუ გულწრფელად გსურთ ამის დასრულება, უნდა შეაჩეროთ სადაზვერვო სააგენტოების სხვა ქვეყნებში ხეტიალი, მათ საშინაო საქმეებში ჩარევა და ეგრეთ წოდებული ფერადი რევოლუციების მოწყობა...“ „იდეა იყო საქართველოს გადაქცევა რუსეთის წინააღმდეგ ხანმოკლე მეორე ფრონტად, რასაც მოჰყვებოდა პარტიზანული კამპანიები, რომლებიც მიზნად ისახავდა რუსეთის შიგნიდან დესტაბილიზაციას.“,-წერს ლეინი.
პოსტს ავტორმა დაურთო ნიკა გვარამიას გამოსვლის კადრებიც, ხოლო კომენტარებში ირონიულად აღნიშნა, რომ „სიტყვის წარმოთქმისას ალბათ ცოტა ჩაიფსა კიდეც“.
