„როგორც მახსოვს, არჩევნების ე.წ. გაყალბების გარდა, როგორც ისინი ცდილობდნენ წარმოეჩინათ, ასევე ერთ-ერთ საფუძვლად იყო ნოემბრის გადაწყვეტილება – ჩვენ არ მივეცით საშუალება ევროკომისიას, რომ მოლაპარაკების გახსნა შანტაჟის იარაღად გამოეყენებინა. დააფიქსირეს, რომ ეს, მათი ხედვით, ევროკავშირში გაწევრიანების გზიდან გადახვევა იყო, ხოლო შემდგომ განვითარებულ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით – თითქოს უხეშად დაირღვა ადამიანის უფლებები და ეს დემოკრატიული პროცესებისგან უკუსვლა იყო. ეს სამი ძირითადი ფაქტორი იყო, რომ შევაჯამო – განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, „ქართული ოცნების” დეპუტატმა გივი მიქანაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.
როგორც მიქანაძემ აღნიშნა, ჩასვლისთანავე იგრძნობოდა აგრესიული განწყობა. განსაკუთრებით ბალტიისპირელი ქვეყნების წარმომადგენლები გამოირჩეოდნენ აშკარა გაღიზიანებით. ფაქტობრივად, გაბრაზებულები იყვნენ ქართველ ხალხზე – რატომ ისევ „ქართული ოცნება“ აირჩიეთო.
მისივე თქმით, აღნიშნული განწყობა განსაკუთრებით მკვეთრად გამოიკვეთა 2025 წლის იანვარში ევროკავშირის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრების დროს.
მიქანაძე იხსენებს, ასევე, არჩევნების დასრულების შემდეგ განხორციელებულ ვიზიტებს საბერძნეთსა და ჟენევაში, სადაც მონაწილეობდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების სხდომებში. როგორც ამბობს, ევროპელი პარტნიორები შედეგებით გაკვირვებულებიც კი იყვნენ.
„როგორც მახსოვს, არჩევნების ე.წ. გაყალბების გარდა, როგორც ისინი ცდილობდნენ წარმოეჩინათ, ასევე ერთ-ერთ საფუძვლად იყო ნოემბრის გადაწყვეტილება – ჩვენ არ მივეცით საშუალება ევროკომისიას, რომ მოლაპარაკების გახსნა შანტაჟის იარაღად გამოეყენებინა. დააფიქსირეს, რომ ეს, მათი ხედვით, ევროკავშირში გაწევრიანების გზიდან გადახვევა იყო, ხოლო შემდგომ განვითარებულ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით – თითქოს უხეშად დაირღვა ადამიანის უფლებები და ეს დემოკრატიული პროცესებისგან უკუსვლა იყო. ეს სამი ძირითადი ფაქტორი იყო, რომ შევაჯამო. ჩასვლის მომენტიდან ეს სულისკვეთება ძალიან ნათელი იყო. მე დამრჩა შთაბეჭდილება, ამ ინდივიდუალური შეხვედრების კონტექსტში, იანვრის ვიზიტზე, რომ ეს ადამიანები, განსაკუთრებით ბალტიისპირელები, გამოირჩეოდნენ აგრესიული დამოკიდებულებით, გაბრაზებულები იყვნენ და ამას არც მალავდნენ. გახარებას კი არ გამოხატავდნენ, არამედ კითხულობდნენ – როგორ მოხდა ისე, რომ მორიგ ჯერზე, არჩევნების შედეგად ისევ თქვენ გაიმარჯვეთ. ფაქტობრივად, ქართველ ხალხზე იყვნენ გაბრაზებული – რატომ აგირჩიესო.
ასევე, ერთ კონკრეტულ ფაქტზე მინდა გავამახვილო ყურადღება: არჩევნების დასრულებიდან დაახლოებით ერთ კვირაში, მე მომიწია ვიზიტი საბერძნეთში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი კომიტეტის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად. საბერძნეთიდან, ორი კვირის თავზე, ასევე ჟენევაში, მეორე კომიტეტის სხდომაზე ვიმყოფებოდი, რომელთა წევრიც მე ვარ. მინდა გითხრათ, რომ ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა პირად საუბარში მომილოცა არჩევნებში გამარჯვება და მითხრა, რომ მართლაც წარმოუდგენელია ასეთი უპირატესობით გამარჯვება.
მე იქ დავუფიქსირე, რომ ოთხი ოპოზიციური პარტია, რომელიც ცდილობს ჯამური შედეგის წარმოჩენას, არასწორი მიდგომაა – იმიტომ, რომ პირველ ადგილოსან „ქართულ ოცნებასა“ და მეორე ადგილოსან პარტიას შორის თითქმის 42%-იანი განსხვავებაა. შემაჯამებელზეც კი ჩვენ ძალიან დიდად ვუსწრებთ. მაგრამ რატომ აჯამებენ ამ მოცემულობას? მაშინ უნდა გამოსულიყვნენ ერთიანი სიით, მიეღოთ ამდენი პროცენტი და მაშინ სწორი იქნებოდა მათი განცხადება. ისინი საარჩევნო ბიულეტინში სხვადასხვა ნომრით იყვნენ წარმოდგენილნი – ისინი ხომ ერთმანეთის კონკურენტებიც იყვნენ? არავინ იცის, საბოლოო ჯამში ისინი ერთობლივ აქტივობებზე შეთანხმდებოდნენ თუ არა. წარმოჩენა იმისა, თითქოს ოპოზიციამ 700 000-ზე მეტი ხმა აიღო, არ არის სწორი, რადგან პირველ და მეორე ადგილს შორის წარმოუდგენლად დიდი სხვაობაა, რაც კიდევ ერთხელ აფიქსირებს ჩვენი მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერას.“ – განაცხადა მიქანაძემ.