ჩვენ როდესაც განვაცხადეთ, რომ მზად ვართ, შევიდეთ დებატებში ნებისმიერ პოლიტიკურ ჯგუფთან ერთადერთი პირობით, რომ ისინი აღიარებენ საქართველოს როგორც სახელმწიფოს და მის კონსტიტუციურ წესრიგს, ჩვენ ამავე დროს ვთქვით, რომ მზად ვართ, დებატი გვქონდეს ნებისმიერ თემაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
ჟურნალისტმა პაპუაშვილს კითხვა დაუსვა, რომ „ხალხის ძალა“ და „ნეიტრალური საქართველო“ ითხოვენ, „გაიხსნას დისკუსია იმასთან დაკავშირებით, რომ მსოფლიო რეალობაში ევროინტეგრაცია არ წარმოადგენს საქართველოს სუვერენულ ინტერესს – რას პასუხობთ ამ ინიციატივას?“, რაზეც პაპუშვილმა აღნიშნა:
„არიან ასევე ჯგუფები, რომლებიც ფიქრობენ, რომ უმაღლეს განათლებას რეფორმა არ სჭირდება და მზად ვართ, ამ ადამიანებთან შევიდეთ დისკუსიაში. არიან ადამიანები, ჯგუფები, რომლებიც ამბობენ, რომ ევროინტეგრაცია რისკებს შეიცავს, მზად ვართ, ვისაუბროთ ამ თემაზე ნებისმიერ ჯგუფთან. ჩვენ მზად ვართ დებატებსა და დისკუსიაზე ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ამასთან, პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, ინტეგრაციის პროცესში არ დაზიანდეს ჩვენი ქვეყანა.
„ჩვენ ევროკავშირის წევრობა იმიტომ არ გვინდა, რომ უბრალოდ მოინიშნოს საქართველო როგორც წევრი და ევროკავშირის წევრი საქართველო დანგრეული იყოს. ვხედავთ, რა ხდება უკრაინაში, მოლდოვაში – ინსტიტუციების განადგურება, ქვეყნის განადგურებაზე აღარაფერს ვამბობ. მოლდოვის პრეზიდენტი საუბრობს საერთოდ ქვეყნის გაუქმებაზე. რა თქმა უნდა, ეს არ არის ევროინტეგრაციის ჩვენი გზა. უკრაინული და მოლდოვური გზა ჩვენი გზა არ არის. ჩვენ სხვა გზით მივდივართ – ჩვენი სახელმწიფოებრიობით, დამოუკიდებლობით და ჩვენი ინტერესების პატივისცემის გზით. ამიტომ მნიშვნელოვანია, ჩვენ არ აგვერიოს ევროინტეგრაცია მორჩილებაში და საკავშირო გაერთიანებაში შესვლაში ისე, როგორც ვიყავით საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც მოსკოვი იყო ცენტრი და ახლა უნდა იყოს საკავშირო ცენტრი ბრიუსელში საკავშირო მთავრობით.
ჩვენ ამ გზით მივდივართ, ამ მხრივ გამოწვევები არის ევროკავშირში, დღევანდელი ბრიუსელი სრულად არის აცდენილი იმ ღირებულებებს, რომელზეც საქართველოს დგას. ის პოლიტიკა, რომელიც დღეს ბრიუსელს აქვს, აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ქართულ ღირებულებებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, შესაბამისი ცვლილებები მოხდეს ბრიუსელში, დაუბრუნდეს ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებებს, რომელიც პასუხობს შესაბამისად ქართულ ღირებულებებს. ევროინტეგრაცია არის ჩვენი კონსტიტუციური ამოცანა 78-ე მუხლით, რომელსაც წინ უძღვის 77-ე მუხლი, სადაც არის დამოუკიდებლობის საკითხი, ჩვენი ინსტიტუციების დამოუკიდებლობის საკითხი და ჩვენ არ ვაპირებთ, ბრიუსელს მივცეთ შესაძლებლობა, ხელი აფათუროს ჩვენს კონსტიტუციურ ორგანოებში, ბრიუსელიდან დაგვინიშნონ მოსამართლეები და პროკურორები. დისკუსია მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ვაცნობიერებთ ამ გზის მთელ სირთულეს და მნიშვნელოვანია ეს გზა სწორად გავიაროთ. ვინმე თუ ხედავს რაღაც რისკებს და საფრთხეებს, ჩვენ მზად ვართ, ავუხსნათ, რომ არის, რა თქმა უნდა, რისკები და ამ რისკებს სჭირდება მყარი, სუვერენული პასუხები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, დღეს პრობლემა არის არა ევროკავშირსა და ევროპულ ინტეგრაციაში, არამედ პრიუსელში, რომელიც დღეს აბსოლუტურად ამოვარდნილია ევროკავშირის ღირებულებებიდან.
„ევროინტეგრაცია როდესაც ზოგიერთის მხრიდან გაიგება როგორც ქვეყნის დამორჩილება, როგორც ბალტიელი პოლიტიკოსები გვიპირებენ, თურმე მათ ჭკუაზე უნდა გვატარონ, საბჭოთა კავშირში ვერ გვატარეს თავის ჭკუაზე და ახლა უნდათ, რომ ევროკავშირის ეგიდით დაგვიქვემდებარონ და თავის ჭკუაზე გვატაროს ზოგიერთმა ბალტიელმა პოლიტიკოსმა, რა თქმა უნდა, ეს არავის გაუვა. ეს არ არის ევროკავშირი და ეს უნდა ვაჩვენოთ ჩვენ. მათ შორის მათ, ვისაც აქვთ გარკვეული კითხვები და ხედავენ რისკებს, უნდა ვაჩვენოთ, რომ ის, რასაც დღეს ვხედავთ, ეს არ არის ევროკავშირის ჭეშმარიტი სახე. ბრიუსელი დღეს მიდის არასწორი გზით და მისი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, აშშ ამას ყოველდღე უმეორებს, რომ გაჩერდით, არასწორი გზით მიდიხართ, გამოფხიზლდით, დაუბრუნდით ევროპულ ღირებულებებს. ჩვენც ამას ვეუბნებით. ამიტომ, პრობლემა არის არა ევროკავშირსა და ევროპულ ინტეგრაციაში, პრობლემა არის პრიუსელში, რომელიც დღეს აბსოლუტურად ამოვარდნილია ევროკავშირის ღირებულებებიდან“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.











