საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა, ბრიუსელში, ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმზე სიტყვით გამოსვლისას, ელექტროენერგეტიკული და გაზის ბაზრების დაჩქარებული ინტეგრაციის შესახებ ისაუბრა.
როგორც მეზურნიშვილმა აღნიშნა, 2024 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ვაჭრობის გარდამავალი მოდელი, ხოლო სრულად ბაზრის ამოქმედება 2027 წლისთვის იგეგმება.
მისივე ინფორმაციით, განახლებადი ენერგიის ბაზრის სრული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, დაგეგმილია ცვლილებები „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონში.
“მნიშვნელოვანი მიმართულებაა ასევე ელექტროენერგეტიკული და გაზის ბაზრების გახსნა და ევროპულ ბაზრებთან ინტეგრაცია. 2024 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ვაჭრობის გარდამავალი მოდელი, ხოლო სრულად ბაზრის ამოქმედება 2027 წლისთვის იგეგმება.
ამასთან, გატარდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, მათ შორის გადამცემი სისტემის ოპერატორების განცალკევება (unbundling) და „ნეტო-აღრიცხვიდან“ „ნეტო-დარიცხვაზე“ გადასვლა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებისთვის. ახალი წესები ეტაპობრივად ამოქმედდება და მიზნად ისახავს ბაზრის უფრო ეფექტიან ფუნქციონირებას.
აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოში განახლებადი ენერგიის ბაზრის სრული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად ევროკავშირისა და ენერგეტიკული გაერთიანების სამართლებრივი ნორმების შესაბამისად იგეგმება „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები,” – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.











