უცხოური მედია

The Atlantic: უკრაინამ საბოლოოდ ჩაიქნია ხელი ტრამპზე – ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატები ჩამოწერა

უკრაინამ საბოლოოდ ჩაიქნია ხელი ტრამპზე – ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატები ჩამოწერა, – წერს ამერიკული გამოცემა The Atlantic-ი.

„მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა, ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში უკრაინა – ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ მაინც – ინარჩუნებდა იმედს, რომ მის გულს მოიგებდა. ტრამპმა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისადმი სიმპათიას არაერთხელ გამოხატავდა, კიევისთვის განკუთვნილი ამერიკული სამხედრო დახმარება მეტწილად შეაჩერა. იგი რეგულარულად შეურაცხყოფდა უკრაინის ლიდერებს, ხოლო 2025 წლის თებერვალში, ოვალურ კაბინეტში, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პირადად გალანძღვასაც კი არ მოერიდა. მიუხედავად ამისა, უკრაინა მონდომებით მონაწილეობდა ტრამპის სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რომლებიც საბოლოოდ უშედეგო აღმოჩნდა. ზელენსკი დათანხმდა წიაღისეულის შესახებ გარიგებებს, რომლებიც, სავარაუდოდ, ამერიკელების გამდიდრებას ისახავდა მიზნად. იგი თავად ტრამპსაც კი გადაჭარბებით აქებდა. უკრაინელი ლიდერების მზარდი ეჭვების მიუხედავად, ისინი თვლიდნენ, რომ ამერიკის პრეზიდენტზე ტკბილად საუბარი მათ არაფერს ავნებდა და შესაძლოა, მისი კეთილგანწყობაც კი მოეპოვებინათ“, – წერს სტატიის ავტორი.

მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, კიევმა ამერიკის შეერთებულ შტატებზე ხელი საბოლოოდ ჩაიქნია. იგი აგრესიულად ეძებს ახალ დიპლომატიურ და სამხედრო პარტნიორებს – მაგალითად, საუდის არაბეთს, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს დრონებით ომის წარმოებაში დაგროვილ დიდ გამოცდილებას უზიარებს, გერმანიასთან კი იარაღის წარმოების შესახებ შეთანხმებებს აფორმებს.

ისეთი ენის გამოყენებით, რაც ბოლო დრომდე წარმოუდგენელი იქნებოდა, ზელენსკიმ მიანიშნა, რომ იგი ამერიკის შეერთებულ შტატებს აღარ მიიჩნევს საიმედო მოკავშირედ და, რაც კიდევ უფრო გამაოგნებელია, თვლის, რომ მთელმა ევროპამ უნდა დაიწყოს ტრანსატლანტიკური ურთიერთობების მიღმა წინ სვლა.

იმის მცდელობით, რომ თავიდან აეცილებინა ენერგორესურსებზე ფასების კიდევ უფრო მეტად გაზრდა ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ომის ფონზე, ტრამპის ადმინისტრაციამ რუსული ნავთობის მწარმოებლებსა და გამყიდველებს სანქციები შეუმსუბუქა. გასულ კვირას, იტალიურ რადიოსთან ინტერვიუში, ზელენსკიმ ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკა.

ცოტა ხნის შემდეგ, ზელენსკიმ წამოაყენა არგუმენტი, რომ თუ აშშ მართლაც გეგმავს ნატოდან გასვლას, როგორც ამით ტრამპი იმუქრებოდა, ევროპულ დემოკრატიებს უსაფრთხოების სრულიად ახალი არქიტექტურა დასჭირდებათ. ზელენსკის ვარაუდით, იმისათვის, რომ ევროკავშირმა ამერიკის დახმარების გარეშე დაიცვას თავი რუსეთისგან, მას დასჭირდება ისეთი არაწევრი ქვეყნების შესაძლებლობები, როგორებიცაა ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი და უკრაინა.
უკრაინის ახალი მზაობა, ისაუბროს გულწრფელად, რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობის შედეგია. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კიდევ უფრო შეამცირა ისედაც მცირე რაოდენობის შეიარაღება, რომელსაც უკრაინას მიჰყიდდა, რათა მარაგი ირანის წინააღმდეგ ომისთვის დაეზოგა. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა დროს ტრამპი განიხილავდა რუსეთისთვის მკაცრი სანქციების დაწესებას – შესაძლოა, საკუთარ პარტიაში პროუკრაინული განწყობების დასამშვიდებლად – ბოლო დროს მას მსგავსი ჟესტებით თავი აღარ შეუწუხებია.

„ამ მოვლენებმა დაარწმუნა ზელენსკი და სხვები, რომ სიმართლე ეთქვათ რუსეთთან ამერიკის მზარდი დაახლოების შესახებ და გაეფრთხილებინათ ევროპის სხვა ქვეყნები იმ საფრთხის თაობაზე, რომლის წინაშეც ისინი ახლა დგანან“, – ნათქვამია სტატიაში.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა