პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: „ხალხის ძალის“ რეკომენდაცია იქნება, თავი შევიკავოთ დღეს ამ დასკვნის მიღებისგან იმისათვის, რომ სიღრმისეულად შევისწავლოთ და ვიმსჯელოთ კონკრეტულ რეკომენდაციებზე, გავერკვეთ რეკომენდაციებში და შემდეგ უფრო ინფორმირებულად დავუჭიროთ ან არ დავუჭიროთ მხარი ამ ყველაფერს

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის შესახებ ისაუბრა საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა. „პირადად მე არ ვეთანხმები კერძო ეტიკეტის დანერგვის პრაქტიკას საქართველოში, იმიტომ, რომ ეს კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება იმისთვის, რომ გლობალურ ქსელებს მივანიჭოთ გაზრდილი ძალაუფლება და საბოლოო ჯამში, ეს ისევ მიგვიყვანს მათ მონოპოლისტურ მდგომარეობამდე“- განაცხადა დეპუტატმა და განმარტა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართ ეს მიდგომა არ არის ხელშეწყობა.

მისი განცხადებით, წარმოდგენილი დასკვნა საჭიროებს მეტ კონკრეტიკას და გარკვეულ ნაწილებში დამატებით განხილვას, განსაკუთრებით კერძო ეტიკეტის, მედიკამენტების ფასებისა და ბავშვთა კვების მიმართულებით.

„მიდგომებს, რომელიც დასკვნაშია წარმოდგენილი, ზოგადად რასაკვირველია ვეთანხმები, თუმცა კარგი იქნებოდა დასკვნაში მეტი კონკრეტიკა ჩაგვეწერა. პირადად მე არ ვეთანხმები კერძო ეტიკეტის დანერგვის პრაქტიკას საქართველოში, იმიტომ, რომ ეს კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება იმისთვის, რომ გლობალურ ქსელებს მივანიჭოთ გაზრდილი ძალაუფლება და საბოლოო ჯამში, ეს ისევ მიგვიყვანს მათ მონოპოლისტურ მდგომარეობამდე. ეს არანაირად არ არის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა იმიტომ, რომ თუ მათი ეტიკეტირება, სახელი და იდენტობა დაიკარგება და ვიღაცა მსხვილი ბიზნეს ოპერატორი გააკონტროლებს ამას, გამოვა, რომ ისევ და ისევ მონოპოლიისკენ წავალთ. თუმცა ეს მსჯელობის საკითხია, რა, როგორ და რანაირად წარმოგვიდგენია და სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ დრო საკმარისი არ იყო ამ დასკვნის კონკრეტული რეკომენდაციების შინაარსის უკეთ გასაგებად. მედიკამენტებთან დაკავშირებით აქ საუბარი იყო რეფერენტულ ფასებზე, რისი პრაქტიკაც ჩვენ უკვე გვაქვს და თუ არ ვცდები 11 ათასი დასახელების მედიკამენტია მოქცეული რეფერენტულ ფასებში, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში, რაც დაინერგა რეფერენტული ფასების პრაქტიკა, გარკვეული გამოწვევები უკვე გამოჩნდა და ვფიქრობ, რომ ჩვენი კომისიის დასკვნაში ეს გარკვეული გამოწვევები უნდა იქნას ასახული და გაასწოროს ის, რაც ამ რეფერენტულმა ფასებმა გამოიწვია და მოსახლეობას კიდევ უფრო გაჯანსაღებული მოდელი შევთავაზოთ.

ასევე, ჩვენ აუცილებლად უნდა ვიფიქროთ ბავშვთა კვებაზე, რომელიც არაბუნებრივად მაღალი ფასები ღირს. საქართველოს დღევანდელი დემოგრაფიული პრობლემა ყველამ კარგად ვიცით, ეს პრობლემა ერთი ხელის მოსმით ვერ გადაწყდება. მძიმე პრობლემაა, კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს, მხოლოდ ფინანსური მექანიზმები ამას არ შველის და ბავშვთა კვება არის მისი ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რაიმე უფრო მეტად კონკრეტული, ქმედითი, ღირებული და მოსახლეობისთვის ხელსაყრელი მიდგომა უნდა შევიმუშაოთ. იმ მიდგომაზე, რომელიც დასკვნაში არის გაწერილი, მე გარკვეული კითხვები მაქვს, თუმცა ალბათ ესეც მსჯელობის საკითხია და შეიძლება მე რაღაც კარგად ვერ გავიგე. ახლა მე ვსაუბრობ პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ სახელით და ჩვენი რეკომენდაცია იქნება, თავი შევიკავოთ დღეს ამ დასკვნის მიღებისგან და კიდევ უფრო მეტი დრო გამოვყოთ იმისათვის, რომ სიღრმისეულად შევისწავლოთ და ვიმსჯელოთ კონკრეტულ რეკომენდაციებზე, გავერკვეთ რეკომენდაციებში და შემდეგ უფრო ინფორმირებულად დავუჭიროთ ან არ დავუჭიროთ მხარი ამ ყველაფერს,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა