„ფაქტობრივად ხორციელდება საერთაშორისო ზეწოლა საქართველოსა და აზერბაიჯანზე. როგორც ჩანს, ჩვენ ვერ ვთავსდებით ევრობიუროკრატების მიერ შექმნილ და ჩაფიქრებულ პოლიტიკურ, თუ ეკონომიკურ კონიუნქტურაში,“ – განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ ევროკავშირის ორმაგ სტანდარტებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას.
როგორც ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ალიევის განცხადებები ევროკავშირის მიმართ პასუხობს იმ პოლიტიკას, რასაც ადგილი აქვს ბრიუსელის მხრიდან. მისი თქმით, ევროკავშირს უკვე დიდი ხანია დაკარგული აქვს სახე და ის აღარ პასუხობს იმ ღირებულებებს, რომლის ირგვლივაც თავის დროზე შეიქმნა.
„ევროპარლამენტმა, სამწუხაროდ, დაკარგა ნდობა და ის გადაიქცა ერთგვარ სათამაშოდ გლობალური ძალების ხელში. მას ფაქტობრივად აწერინებენ ისეთ რეზოლუციებს, რომლებიც ამ დაჯგუფების ინტერესებშია. ისინი არ აქცევენ ყურადღებას არც პოლიტიკურ კორექტულობას, არც შორს მიმავალ ეკონომიკურ ინტერესებს, რომლებიც გააჩნია სხვადასხვა სახელმწიფოს. მათ თავიანთი ინტერესები აქვთ და ამ კერძო ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ. ნიშანდობლივია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადება, რომელიც დღეს მოვისმინეთ. თუ არ ვცდები, 14 რეზოლუცია აქვს მიღებული ევროპარლამენტს აზერბაიჯანთან მიმართებაში და დაახლოებით 10, ასევე ტყუილებით სავსე რეზოლუცია საქართველოს წინააღმდეგ.
ფაქტობრივად ხორციელდება საერთაშორისო ზეწოლა საქართველოსა და აზერბაიჯანზე. როგორც ჩანს, ჩვენ ვერ ვთავსდებით მათ მიერ შექმნილ და ჩაფიქრებულ პოლიტიკურ, თუ ეკონომიკურ კონიუნქტურაში. რეალურად რომ მივუდგეთ, სურათი ამგვარია – საქართველოსთან ევროკავშირმა თავად შეაჩერა დიალოგი. საპარლამენტო კომიტეტებს შორის დიალოგში საქართველო უკვე აღარ მონაწილეობს ევროკავშირის ინიციატივით. აზერბაიჯანმა კი თვითონ დატოვა დიალოგის ეს ფორმატი; ევრონესტზე, საქართველოსთან მიმართებით შარშან ნეგატიური რეზოლუცია შემუშავდა, სადაც დამახინჯებული იყო ფაქტები. ამ ორგანიზაციასაც აზერბაიჯანი თავისი ინიციატივით ტოვებს; რაც შეეხება ევროპის საბჭოს, აზერბაიჯანმა და ჩვენც დავტოვეთ ეს ორგანიზაცია, რომელმაც სრულიად უსაფუძვლოდ მოგვთხოვა არჩევნების ხელახლა ჩატარება, მიუხედავად იმისა, რომ ამ არჩევნებზე სერიოზული დარღვევები არ ყოფილა. საუბარია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რასთან დაკავშირებითაც ეუთომ, რომელიც ყველაზე კომპეტენტურია არჩევნების პროცესების შეფასებისას, პოზიტიური დასკვნა გამოაქვეყნა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამოდის, რომ ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის პოლიტიკამ სამხრეთ კავკასიაში მარცხი განიცადა. რა არის ევროკავშირი – ის უნდა იყოს ღირებულებების დანერგვის, დემოკრატიული, ეკონომიკური, სამართლიანი განვითარების, ტოლერანტობის არეალი. სინამდვილეში კი, დემოკრატიული ლოზუნგებით გვესაუბრებიან და ამ დროს, ყოველგვარი დემოკრატიული მიდგომა, მითუმეტეს დიალოგის, მათ შორს, სახელმწიფოთაშორისი დიალოგის, ერთი მეორის მიყოლებით იხურება. ამის მაგალითია აზერბაიჯანი და საქართველო,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.











