სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავენ გიგანტურ მონუმენტს სახელწოდებით „დონ კოლოსი“ და მას ბიბლიურ „ოქროს ხბოს“ ადარებენ.
პრეზიდენტის ქანდაკება, რომელიც ოქროს ფირფიტებით არის დაფარული, ფლორიდაში, ტრამპის გოლფ-კლუბში პასტორებისა და რაბინების მონაწილეობით საზეიმოდ გახსნეს. ცერემონია საერთო ლოცვით დასრულდა.
კრიტიკის ქარცეცხლს ამერიკელი პასტორი მარკ ბერნსი გამოეხმაურა, რომელიც ტრამპის ერთ-ერთ სულიერ მრჩევლად ითვლება. მან განაცხადა, რომ გაოგნებულია კომენტარებით კერპთაყვანისმცემლობის შესახებ. ბერნსის თქმით, ეს არ არის „ოქროს ხბო“, არამედ ძეგლი წარმოადგენს პატრიოტიზმის, თავისუფლებისა და ამერიკის მომავლისთვის ბრძოლის სიმბოლოს.
პასტორმა ასევე აღნიშნა, რომ ბევრ ცნობილ ადამიანს დაუდგეს ძეგლი სიცოცხლეშივე, თუმცა ამას მსგავსი რეაქცია არ მოჰყოლია. მიუხედავად ამ განმარტებისა, ოპონენტები, მათ შორის სპორტული კომენტატორი კიტ ოლბერმანი, პასტორს ბიბლიის გადაკითხვას ურჩევენ და ამბობენ, რომ მსგავსი ძეგლები იქ პირდაპირ ცოდვად არის აღწერილი.











