„28 სექტემბერს „დინამო არენაზე“ საქართველო და უკრაინა შეხვდებიან და ეს შეიძლება გაცილებით უფრო ნერვული მატჩი აღმოჩნდეს, ვიდრე ერთა ლიგის ჩვეულებრივი შეხვედრა – მატჩის გარშემო პროვოკაციების რისკი ჩვეულებრივზე ობიექტურად მაღალია“, – ამის შესახებ, პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, გიორგი გველესიანის მამხილებელი განცხადების შემდეგ, რადიკალებს კიდევ უფრო გაუმძაფრდათ სურვილი, ქართული ფეხბურთი საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს, ბინძური მეთოდებით მოარგონ.
„უნგრეთი–უკრაინის გუშინდელი მატჩის შემდეგ, საქართველოსა და უკრაინის მოახლოებულ შეხვედრას უკვე რთულია მხოლოდ სპორტულ ჭრილში შევხედოთ. ბუდაპეშტში უკრაინამ 1:0 გაიმარჯვა, თუმცა მატჩის მიწურულს, უკრაინელი ფეხბურთელის გაძევების შემდეგ, მოედანზე მასობრივი დაპირისპირება მოხდა – სობოსლაის ნერვებმა უმტყუნა. ამასთან, უნგრელი გულშემატკივრების ნაწილმა თამაშის წინ უკრაინის ჰიმნს უსტვინა. შეიძლება ვიკამათოთ ამ გაღიზიანების მიზეზებსა და მასშტაბებზე, მაგრამ ერთი რამ აშკარაა: მრავალწლიანმა ომმა ზოგიერთ ევროპულ საზოგადოებაში უკრაინის თემის მიმართ სერიოზული დაღლილობა და პოლიტიკური დაძაბულობა უკვე წარმოშვა. ახლა კი უკრაინა თბილისში ჩამოდის – ქვეყანაში, სადაც საკუთარი პოლიტიკური პოლარიზაციაც უკიდურესად მაღალ ნიშნულზეა. 28 სექტემბერს „დინამო არენაზე“ საქართველო და უკრაინა შეხვდებიან და ეს შეიძლება გაცილებით უფრო ნერვული მატჩი აღმოჩნდეს, ვიდრე ერთა ლიგის ჩვეულებრივი შეხვედრა. მომიტევეთ, მაგრამ ინტუიცია აქაც მკარნახობს, რომ „ანტიფეხბურთი“ ორშაბათს უფრო მეტი იქნება, ვიდრე პოზიტიური სპორტული სანახაობა.
არსებობს კიდევ ერთი ქართული მეხსიერება, რომლის იგნორირებაც არ შეიძლება: ზაფხულში, რიგაში, უკრაინა–საქართველოს საკალათბურთო მატჩის დროს, უკრაინელმა კალათბურთელებმა საქართველოს ჰიმნის შესრულებისას ჩვენს ნაკრებს ზურგი აქციეს. ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ეს დემონსტრაციულ უპატივცემულობად გამოიყურებოდა და სწორედ ასეთ ეპიზოდად დარჩა საზოგადოებრივ მეხსიერებაში. უკრაინული მხარე შემდეგ მომხდარს იმით ხსნიდა, რომ სპორტსმენები სახელმწიფო დროშების მიმართულებით შებრუნდნენ, მაგრამ პოლიტიკასა და სპორტში არსებობს მარტივი წესი: განმარტებამ შეიძლება ახსნას ქმედება, მაგრამ ყოველთვის ვერ აქრობს იმ ემოციურ კვალს, რომელსაც ეს ქმედება ტოვებს. ამიტომ, თუ 28 სექტემბერს ტრიბუნებზე თუნდაც მცირე კონფლიქტი წარმოიშვა, ეს ძველი ეპიზოდი თითქმის აუცილებლად ამოტივტივდება სოციალური ქსელებიდან და კვლავ გახდება ემოციური ფონის ნაწილი. ამას ემატება კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი – თავად საქართველოს ეროვნული ნაკრები უკვე იქცა შიდაპოლიტიკური ბრძოლის ობიექტად. გიორგი გველესიანის გარშემო განვითარებულმა ისტორიამ აჩვენა, რამდენად მარტივად ცდილობენ დღეს ეროვნული გუნდისადმი დამოკიდებულების პოლიტიკურ მარკერად ქცევას: მას შემდეგ, რაც ყოფილმა ფეხბურთელმა თავის თანაგუნდელებზე პოლიტიკური ზეწოლის შესახებ საჯაროდ ისაუბრა, ის რადიკალების მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა. თუ ქართული რადიკალური ოპოზიციური გარემოს ნაწილი მართლაც აღიქვამს უკრაინის პოლიტიკურ პოზიციას, როგორც საკუთარს, საქართველო–უკრაინის მატჩი ამ პოლიტიკური იდენტობის დემონსტრირების ძალიან მოსახერხებელ სივრცედ იქცევა. აქ უკვე ჩნდება არა უბრალოდ სპონტანური საფეხბურთო კონფლიქტის, არამედ ტრიბუნების შეგნებული პოლიტიზების რისკი: ბანერების, ლოზუნგების, სიმბოლიკის, პროვოკაციული ჟესტების ან ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების ემოციურ რეაქციაზე გათვლილი მცდელობების. სწორედ ამიტომ, 28 სექტემბერს ყურადღება მხოლოდ ანგარიშსა და მოედანზე განვითარებულ მოვლენებზე არ უნდა იყოს გადატანილი. დღევანდელ ვითარებაში საკმარისია ერთი ბანერი, ერთი შეძახილი, ერთი დემონსტრაციული ჟესტი ჰიმნის შესრულებისას ან გულშემატკივრების ერთი შეხლა-შემოხლა, რომ რამდენიმე წუთში შეიქმნას კადრი, რომელიც სოციალურ ქსელებში კონკრეტული პოლიტიკური ნარატივის „მტკიცებულებად“ გავრცელდება. მათთვის, ვისაც ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერა სურს, ჩხუბიც კი არ არის აუცილებელი – საკმარისია რამდენიმე წამის სწორი „კადრირება“. ამიტომ მატჩის გარშემო პროვოკაციების რისკი ჩვეულებრივზე ობიექტურად მაღალია – ღმერთმა ქნას, ვცდებოდე. მთავარი კითხვა აქ ის კი არ არის, უყვართ თუ არა ქართველებს უკრაინელები ან პირიქით, არამედ ის – დაუშვებენ თუ არა ისინი, რომ ქართული სტადიონი პოლიტიკური დაპირისპირების კიდევ ერთ არენად იქცეს. ფეხბურთელებმა შეიძლება მატჩი დაასრულონ, ერთმანეთს ხელი ჩამოართვან და გასახდელებში წავიდნენ, ხოლო ტრიბუნებზე დაფიქსირებულმა პოლიტიკურმა კადრმა შესაძლოა მრავალი უსიამოვნო მიმართულებით განაგრძოს თავისი დამოუკიდებელი მსვლელობა“,- წერს დავით ქართველიშვილი.











