2024 წლის დეკემბერში პოლიციამ ქვეყანა “მაიდნის” სცენარისგან გადაარჩინა. ამის შესახებ სლოვაკეთში ყოფნისას შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა. მისი მტკიცებით, სამართალდამცველებმა საქართველო „ბნელ წარსულში დაბრუნებისგან“ დაიცვეს, თუმცა პროცესის განმავლობაში უფლებამოსილების გადამეტების ცალკეული შემთხვევებიც დაფიქსირდა, რომლებზეც გამოძიება მიმდინარეობს.
მასთან, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ 2024 წლის დეკემბერში არსებობდნენ „მოძალადე ჯგუფები“, რომლებიც სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებდნენ და, მისივე თქმით, უცხოელი დამკვეთებისა და დამფინანსებლების მხარდაჭერით სარგებლობდნენ.
„მე მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელმაც საქართველო გადაარჩინა მაიდანს. სწორედ ჩვენმა პოლიციელებმა მაიდნისგან დაიცვეს ქვეყანა, ქვეყანა დაიცვეს მართლაც ბნელ წარსულში დაბრუნებისგან. ამ პროცესში იყო რამდენიმე ინციდენტი უფლებამოსილების გადამეტებისა. ამ გადაცდომებზე მიდიოდა გამოძიება, თქვენ მოისმინეთ პროკურატურის მხრიდან თუ რა მოცულობის სამუშაოები ჩატარდა, რა მომენტშიც პროკურატურა იყო მყარად, რომ მისი მტკიცებულებები არის საკმარისი სასამართლოში წასასვლელად, იმ მომენტიდან ვნახეთ ჩვენ რეაგიერბა და მათ შორის, პროკურატურამ განაცხადა, რომ სხვა მსგავს ფაქტებზე, რომელიც მაშინ საზოგადოებამ იხილა, მიმდინარეობს გამოძიება და ამ მხრივაც იმუშავებენ.
ასე რომ, კიდევ ერთხელ, ჩვენ ერთმანეთში არ ავურიოთ ორი რამ: 2024 წლის დეკემბერში იყვნენ მოძალადეების ჯგუფი, რომელებმაც გაილაშქრეს საქართველოს წინააღმდეგ, რომლის უკანაც იდგნენ უცხოელი დამკვეთები, დამფინანსებლები. 2024 წლის დეკემბერში მოძალადეების მხოლოდ მცირე ნაწილია გამოვლენილი, რომლებიც პარლამენტის შენობას თავს ესხმოდნენ, რომლებიც პოლიციელებს თავს ესმხმოდნენ. ეს ადამიანები დღემდე არ არიან დადგენილები ვინ არიან, – თქვა პაპუაშვილმა.











