“ნაციონალურ მოძრაობას“ უფლება არ აქვს საზოგადოებას თავისუფლებაზე ელაპარაკოს, უფლება არ აქვს იმ ფასეულობების დაცვაზე საუბრობდეს, რომელიც თავად სისხლში ჩაახშო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ, ჟურნალისტებმა, სამოქალაქო სექტორმა და თითოეულმა მოქალაქემ, ყოველ ჯერზე მკაფიოდ შეახსენოს ამ ძალას მათი წარსული, მათი ქმედებები და ის მძიმე შედეგები, რომელიც ქვეყანას და ხალხს მოუტანეს.
“ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, რამხელა ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა დანაშაულს, რომელიც რეჟიმმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ჩაიდინა! დარწმუნებული ბრძანდებოდით, საკუთარი პოლიტიკური მიზნის მისაღწევად გუშინაც დიდი სიამოვნებით გაიმეორებდნენ იმავეს! ამ თემასთან დაკავშირებით, შეუძლებელია არ ვახსენოთ ორი დღის წინ, გადაცემა „რეჟიმის ანატომიაში“ გასული ინტერვიუ, რომელშიც 2011 წლის 26 მაისს, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ჯალათების მიერ განსაკუთრებული სისასტიკით ნაწამები და მოკლული ჩვენი თანამოქალაქის სულიკო ასათიანის ოჯახის წევრები იმ ჯოჯოხეთზე საუბრობდნენ, რაც “ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ ოჯახს და სრულიად საქართველოს მოუწყო. ამ შემაძრწუნებელ ინტერვიუში ოჯახის წევრები ჰყვებიან, რომ სულიკო ასათიანი განსაკუთრებული სისასტიკით აწამეს, უმძიმესი ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს და ენა ამოგლიჯეს. ამდენი წლის შემდეგაც კი ძალიან მძიმეა ამ თემაზე საუბარი. დღევანდელი გადმოსახედიდანაც კი, როგორი დასაჯერებელია, რომ ეს საქართველოში, ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა?! ამ ფონზე, “ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ქართული არაფერი სცხია და როგორც წარსულში, ისე დღესაც უცხოელი პატრონების დავალებებს ასრულებს, კიდევ ბედავს და სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საუბრობს. სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე, როდესაც ცოცხალი ადამიანი უსასტიკესად აწამეს და ენა ამოაჭრეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათი რეჟიმის კრიტიკას, ანუ ხმის ამოღებას ბედავდა.
წარმოიდგინეთ, რომ 2011 წლის 26 მაისის მოვლენების, საკუთარი ხალხის წინაშე ჩადენილი საშინელი დანაშაულის შემდეგაც კი მოახერხეს, რომ ტერორით, მუქარით, თუ მოსყიდვით საზოგადოების მღელვარება ჩააცხრეს და რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ გამოჩენა ქართულ პოლიტიკაში, ამ ყველაფრის დაკანონებასაც შეძლებდნენ. სწორედ ასეთი იყო რეალობა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ დახვდა და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, წლების განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოსახლეობაში დათესილი შიშისა და ტერორის ფონზე რომ დღეს მათთვის პასუხის მოთხოვნას ვახერხებთ, დამიჯერეთ, ეს დიდი მიღწევაა. თუმცა, გამაოგნებელია, რომ ეს დანაშაულებრივი ძალა, რომელმაც ჩვენს ხალხს წლების განმავლობაში ჯოჯოხეთი გამოატარა, დღეს ბედავს და სიტყვის თავისუფლებაზე საუბრობს. ძალა, რომლის მმართველობის პირობებში ადამიანებს განსხვავებული აზრის გამო დევნიდნენ, აშინებდნენ, აწამებდნენ და ღირსებას ულახავდნენ, ვერასოდეს იქნება თავისუფლების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სახელით მოსაუბრე. “ნაციონალურ მოძრაობას“ უფლება არ აქვს საზოგადოებას თავისუფლებაზე ელაპარაკოს, უფლება არ აქვს იმ ფასეულობების დაცვაზე საუბრობდეს, რომელიც თავად სისხლში ჩაახშო. ეს არის უსამშობლო ძალა, რომელიც წარმოადგენდა და ახლაც წარმოადგენს ძალადობის, შიშის, ტერორის, უსამართლობის და ადამიანის უფლებებისა, თუ ყველაზე ძვირფასის – სიცოცხლის ფეხქვეშ გათელვის “ეტალონს“ საქართველოში. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ, ჟურნალისტებმა, სამოქალაქო სექტორმა და თითოეულმა მოქალაქემ, ყოველ ჯერზე მკაფიოდ შეახსენოს ამ ძალას მათი წარსული, მათი ქმედებები და ის მძიმე შედეგები, რომელიც ქვეყანას და ხალხს მოუტანეს. არავის მივცემთ ისტორიის გადაწერის, სიმართლის გადაფარვისა და საკუთარი პასუხისმგებლობისგან გაქცევის უფლებას! არავის მივცემთ ჩვენი ქვეყნისა და მისი მომავლის დაზიანების უფლებას!”, – განაცხადა კირცხალიამ.











