პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება დღევანდელ ღონისძიებას, რომელიც ეძღვნება ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო დერეფნის ინფრასტრუქტურის მორიგი ეტაპის ექსპლუატაციაში გაშვებას. ანალიტიკოსი წერს, რომ ტრადიციული მარშრუტების არასტაბილურობის ფონზე, საქართველოს სატრანზიტო მნიშვნელობა იზრდება. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო დერეფანი კი რგოლია ჩინეთის, ცენტრალური აზიისა და ევროპის დაკავშირებაში. ქართველიშვილმა ყურადღება გაამახვილა კიდევ ერთ პროექტზე- TANAP-ზე:
„ბაქოში გამართულ ენერგეტიკის კვირეულზე გამოცხადდა TANAP-ის მოდელზე დაფუძნებული მასშტაბური ელექტროენერგეტიკული დერეფნის განვითარების იდეის წინსვლა. პროექტში პირდაპირ არიან მოხსენიებულნი აზერბაიჯანი, თურქეთი, საქართველო და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები“ – წერს დავით ქართველიშვილი.
ანალიტიკოსი ხაზს უსვამს იმასაც, რომ ნებისმიერი ალტერნატიული მიმართულების გაჩენის შემთხვევაშიც, საქართველო რეგიონში ყველაზე უსაფრთხო და ინტეგრირებულ დერეფნად რჩება.
„დღეს გაიმართება ოფიციალური ღონისძიება, რომელიც ეძღვნება ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო დერეფნის ინფრასტრუქტურის მორიგი ეტაპის ექსპლუატაციაში გაშვებას. ცერემონიაში მონაწილეობენ აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს წარმომადგენლები. ეს მაგისტრალი შუა დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია, რომელიც ჩინეთს, ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიასა და ევროპას ერთმანეთთან აკავშირებს. ტრადიციული მარშრუტების არასტაბილურობის ფონზე საქართველოს სატრანზიტო მნიშვნელობა ობიექტურად იზრდება.
ამავდროულად ბაქოში გამართულ ენერგეტიკის კვირეულზე გამოცხადდა TANAP-ის მოდელზე დაფუძნებული მასშტაბური ელექტროენერგეტიკული დერეფნის განვითარების იდეის წინსვლა. პროექტში პირდაპირ არიან მოხსენიებულნი აზერბაიჯანი, თურქეთი, საქართველო და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები. აქ საუბარი უკვე მხოლოდ გაზს აღარ ეხება, დღის წესრიგში დგას ელექტროენერგიისა და „მწვანე“ ენერგიის მომავალი ნაკადებიც. ეს ნიშნავს, რომ საქართველო თანდათან მტკიცედ იმკვიდრებს ადგილს არა მხოლოდ როგორც სატრანსპორტო, არამედ როგორც ენერგეტიკული ხიდი კასპიის რეგიონსა და ევროპას შორის.
და ბოლოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ახალი მარშრუტებისა და დამატებითი საკომუნიკაციო ხაზების გახსნის შესაძლებლობებზე მიმდინარე დისკუსიების ფონზე – კვლავ გააქტიურდა საუბარი საქართველოს სატრანზიტო უპირატესობის თითქოსდა შესაძლო შემცირებაზე. თუმცა პრაქტიკულად ყველა სერიოზული ანალიტიკური ცენტრი აღიარებს, რომ ალტერნატიული მიმართულებების გაჩენის შემთხვევაშიც კი, საქართველო რეგიონში რჩება ყველაზე განვითარებულ, უსაფრთხო და საერთაშორისო ეკონომიკურ სისტემაში ყველაზე მეტად ინტეგრირებულ დერეფნად. უფრო მეტიც, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის აქტიური ფაზა და ბაქო–თბილისი–ყარსის პროექტის შემდგომი განვითარება ამ პოზიციებს კიდევ უფრო აძლიერებს“ – წერს დავით ქართველიშვილი.











