ევროკავშირის ბიუროკრატია MCC Brussels-ს უტევს, – ამის შესახებ ცენტრალური ევროპის წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და კვლევითი ცენტრის, მათიას კორვინუსის კოლეგიის – MCC Brussels-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.
„ისინი ვერ გაიმარჯვებენ – ეს არის კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული მცდელობა, რომ MCC Brussels-ის ხმა ჩაახშონ. ევროკავშირის გამჭვირვალობის რეესტრის სამდივნომ MCC Brussels-ის რეგისტრაცია შეაჩერა არა ფარული ლობირების გამო, არა გაუმჟღავნებელი შეხვედრების გამო, არა ფინანსური დარღვევების გამო, არა არასათანადო ქცევის გამო, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ დაუღალავად ვაკრიტიკებთ ევროკავშირის ბიუროკრატიულ მანქანას“, – ნათქვამია X-ზე გავრცელებულ განცხადებაში.
MCC Brussels – ევროკავშირის გამჭვირვალობის რეესტრს ბრალს სდებს ნაკლებად ცნობილი ბიუროკრატიული წესის იარაღად ქცევასა და შერჩევითად გამოყენებაში, რამაც რეესტრს შესაძლებლობა მისცა, გლობალისტური აქტივისტური ორგანიზაციის, Corporate Europe Observatory-ის მიერ წარდგენილი საჩივრის შემდეგ MCC Brussels-სთვის რეგისტრაცია შეეჩერებინა.
„ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ყველა პროგრესული არასამთავრობო ორგანიზაციისთვის მინიჭებული პრივილეგიები – როგორიცაა ევროპარლამენტში ოფიციალურ შეხვედრებზე დასწრება – ჩვენთვის აკრძალულია. კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის, რომ გამჭვირვალობის რეესტრმა სამიზნედ MCC Brussels აირჩია მაშინ, როცა პროგრესული ორგანიზაციები ხელშეუხებელი დარჩნენ. მრავალი პროგრესული არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის ველური ბუნების მსოფლიო ფონდი (WWF), რამდენიმე რეგისტრაციით ოპერირებს და უგულებელყოფს „ერთიანი წარმომადგენლობის პრინციპს“, თუმცა MCC Brussels დააჯარიმეს „ერთიანი რეგისტრაციის პრინციპთან“ შეუსაბამობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთი რეგისტრაცია გვაქვს. ეს ის „გამჭვირვალობის რეესტრია“, რომელიც დუმდა მაშინ, როდესაც ჩვენ გამოვავლინეთ სკანდალი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც ევროკავშირისგან მილიონობით ევროს იღებდნენ იმისთვის, რომ თავად ევროკავშირზე უფრო პროევროპული პოლიტიკის გასატარებლად მოეხდინათ ზეწოლა. ცხადია, საქმე არ ეხება „გამჭვირვალობას“ – ეს არის მცდელობა, საჯარო სივრციდან განდევნონ და ჩაახშონ კონსერვატიული ხმა. ადმინისტრაციული წესები ერთნაირად უნდა მოქმედებდეს როგორც სისტემასთან დაახლოებული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ისე კონსერვატიული ინსტიტუტებისთვის. დაუშვებელია, ისინი სხვადასხვაგვარად იყოს გამოყენებული. MCC Brussels ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, მაგრამ უკან არ დავიხევთ!“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.











