პოლიტიკა

Depaul Ukraine-ის კვლევა: უკრაინაში უსახლკაროებს შორის გამოკითხულთა 40% იძულებით გადაადგილებული პირია – მათი წილი იზრდება

უკრაინაში, უსახლკარო ადამიანებს შორის, რომლებიც დახმარებისთვის მიმართავენ სხვადასხვა ორგანიზაციას, ყველაზე დიდი მოწყვლადი ჯგუფი იძულებით გადაადგილებული პირები – დევნილები არიან და ისინი უსახლკაროთა 40%-ს შეადგენენ. სოციოლოგიური კვლევის შედეგებს საქველმოქმედო ფონდის Depaul Ukraine ავრცელებს.

გამოკითხვა ჩატარდა თავშესაფრებში, დახმარების ცენტრებში და ქუჩებში იმ ადგილებთან, სადაც საკვები რიგდება.

როგორც ადგილობრივი გამოცემა „Хмарочос” აღნიშნავს, 2024 წლის ანალოგიურ კვლევაში უსახლკარო გამოკითხულთა მხოლოდ 22% იყო იძულებით გადაადგილებული პირი.

კვლევის მიხედვით, უსახლკაროებს შორის 33% შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია; 28% – მარტოხელა ხანდაზმული; 10% ყოფილი პატიმარი; 6% – ვეტერანი; 5% – ქრონიკული ფსიქიკური აშლილობის მქონე პირი; 4%-ს ბავშვთა სახლის ყოფილი აღსაზრდელები შეადგენენ, ხოლო, 2% – უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირია.

გამოკითხულთა 46%-თვის მუდმივი საცხოვრებლის დაკარგვის მთავარი მიზეზი ომი ან ტერიტორიის ოკუპაცია გახდა, ხოლო, იძულებით გადაადგილებულ პირებს შორის ამ მიზეზს 84% ასახელებს.

საქველმოქმედო ორგანიზაცია Depaul Ukraine აღნიშნავს, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უსახლკაროთა ახალი კატეგორიები წარმოშვა, მათ შორის, იძულებით გადაადგილებული პირები და ვეტერანები. ექსპერტების შეფასებით, თანდათან ქრება ზღვარი უსახლკარო და საცხოვრებლის მქონე ადამიანებს შორის, რადგან საცხოვრებელს სულ უფრო ხშირად კარგავენ ის ჯგუფებიც, რომლებიც ადრე რისკის კატეგორიაში არ შედიოდნენ.

„არიან ადამიანები, რომლებიც ვერ ახერხებენ ახალ გარემოში ინტეგრაციას, რადგან არ აქვთ კარგი განათლება, ზოგიერთმა, მაგალითად, უკრაინული ენა არ იცის. მათთვის განსაკუთრებით რთულია საცხოვრებლის დაქირავება, მით უმეტეს, რომ ლვოვში ქირის ფასები სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მკვეთრად გაიზარდა. შედეგად, ადამიანს, რომელიც ადგილობრივი არ არის, არ აქვს სოციალური კავშირები, არ აქვს კარგი განათლება და თან სტრესის ქვეშაა, საცხოვრებლის პოვნა უკიდურესად უჭირს“, – აცხადებენ ლვოვის ერთ-ერთ საქველმოქმედო ორგანიზაციაში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა