ნიუ-იორკის მერის, ზოჰრან მამდანის მეუღლის, რამა დუვაჯის სექტემბერში დაგეგმილმა კერძო ვიზიტმა სირიასა და ლიბანში წინასწარ გამოიწვია სკანდალი. მერიაში განაცხადეს, რომ 29 წლის მხატვარი ნათესავებთან მიფრინავს, ხოლო მას თან ახლავს პირველი ლედის დაცვა „ნიუ-იორკის პოლიციის დაჟინებული რეკომენდაციით“.
თუმცა, ქალაქის პოლიციამ (NYPD) უარყო ოფიცრების გაგზავნა იმ ქვეყნებში, რომლებშიც ვიზიტის რეკომენდაციას სახელმწიფო დეპარტამენტი კატეგორიულად არ იძლევა .
„ნიუ-იორკის პოლიცია არ აგზავნის თანამშრომლებს საფრთხის მეოთხე დონის მქონე ქვეყნებში ისეთი მიზეზების გამო, რომლებიც საგამოძიებო საქმიანობას არ უკავშირდება“, — ციტირებს New York Post-ი NYPD-ის განცხადებას.
ამასობაში, მამდანის ადმინისტრაციას კრიტიკის ქარიშხალი დაატყდა თავს. ზოგიერთმა აღნიშნა, რომ რამა დუვაჯის, რომელიც ცნობილია თავისი პროპალესტინური შეხედულებებით, ახლო აღმოსავლეთში დაცვა არ სჭირდება. სხვებმა კი გაახსენეს, რომ რეგიონში არსებული არასტაბილურობის ფონზე, ამერიკელი პოლიციელები სირიასა და ლიბანში სასიკვდილო საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდნენ.











