პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება მედიაში გამოქვეყნებულ სტატიას, სათაურით „თუ ასე გაგრძელდა, ფერმერები გაკოტრდებიან და ეს მიწები სხვის ხელში გადავა – პურ-პროდუქტები, ხორცი, რძე… ყველაფერი გაძვირდება“.
მისი თქმით, სტატიის ავტორი განზრახ აგებს კატასტროფული სცენარების ჯაჭვს, რომელიც მკითხველის პირველად შიშებს ურტყამს, საკვების დაკარგვიდან (პურის, ხორცისა და რძის გაძვირება) ეროვნული იდენტობის საფრთხემდე (მიწაზე კონტროლის დაკარგვა).
„მორიგი შიშების “ალარმისტული” შემოგდება რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობის მქონე საზოგადოებრივ ველზე. ვისაც წაკითხულის გააზრებასთან პრობლემები აქვს, თავშივე განვმარტავ: იმას კი არ ვეწინააღმდეგები, რომ სირთულე არ არსებობს, მისი წარმოსახვის პანიკურ და “არმაგედონულ” ხასიათზე ვწერ, რომელიც პუბლიკაციის სათაურშივე იკითხება. BPN.ge-ზე გამოქვეყნებული სტატია შთამბეჭდავი “ჰედლაინით”: „ფერმერები გაკოტრდებიან, მიწები სხვის ხელში გადავა“, წარმოადგენს კლავიატურის დაწკაპუნებაზე ორიენტირებული ჟურნალისტიკის კლასიკურ ნიმუშს, რომელიც ემოციური მანიპულირების კანონებით ოპერირებს. მასალის სტრუქტურის ანალიზი აჩვენებს “ალარმიზმის”, ვითარების “კოშმარიზაციის” და პოლიტიკური აქცენტების მკვეთრ ჭარბობას კონსტრუქციულ ანალიტიკაზე: ავტორი განზრახ აგებს კატასტროფული სცენარების ჯაჭვს, რომელიც მკითხველის პირველად შიშებს ურტყამს, საკვების დაკარგვიდან (პურის, ხორცისა და რძის გაძვირება) ეროვნული იდენტობის საფრთხემდე (მიწაზე კონტროლის დაკარგვა). ამასთან, ტექსტში სრულიად არ არის მთავარი, რისთვისაც ხარისხიანი ეკონომიკური ჟურნალისტიკა იქმნება: მიზეზების სისტემური ანალიზი და კრიზისიდან გამოსვლის დეტალური საგზაო რუკა.
ხმაურიანი თეზისების მიღმა იმალება რეალური, თუმცა მკაცრად პრეპარირებული სიმართლე. საქართველოს სოფლის მეურნეობა ნამდვილად განიცდის ზეწოლას რესურსებზე ფასების ზრდის, მცირე მეურნეობების პრობლემისა და იმპორტის მხრიდან დემპინგის გამო. თუმცა პუბლიკაცია არც კი ცდილობს გამოიკვლიოს საბაზრო მექანიზმები, მსოფლიო ფასების დინამიკა ან ადგილობრივი აგრარული პოლიტიკის შეცდომები. ამის სანაცვლოდ, ფერმერთა რეალური სირთულეები გადაქცეულია უსახო ემოციურ იარაღად, სადაც აბსტრაქტული „კრიზისი“ მიწოდებულია, როგორც გარდაუვალი და ტოტალური კრახი, რომელიც აგროსექტორს გადარჩენის შანსს არ უტოვებს. სიტუაციიდან გამოსვლის კონკრეტული გზები მასალაში ჩანაცვლებულია ზოგადი ლოზუნგებით, რაც საბოლოოდ ააშკარავებს მის ჭეშმარიტ ბუნებას.
პუბლიკაცია არ ისახავს მიზნად ფერმერული საზოგადოების დახმარებას ან სახელმწიფოსთვის მხარდაჭერის სამუშაო მექანიზმების შეთავაზებას, მასში არ არის არც საბაჟო-სატარიფო რეგულირების გათვლები და არც შეღავათიან კრედიტებსა თუ კოოპერაციის განვითარებაზე მიმართული წინადადებები. პუბლიკაციის მთელი ფაქტურა დაყვანილია ფორმულამდე:
„ყველაფერი ცუდადაა და უფრო გაუარესდება“ (“ი ჩტო მი ბუძიმ კუშაწ?”), რასაც ძირითადი ფოკუსი პრაგმატული ეკონომიკური ანალიზიდან, წმინდა ემოციური ზეწოლისა და სოციალური უკმაყოფილების პოლიტიკური პედალირების სფეროში გადაჰყავს. მასალის სწორედ ასეთი სახით გამოჩენის მიზანი გამჭვირვალე და პრაგმატულია: ეს არის აუდიტორიის საბაზისო შიშების კონვერტაცია სწრაფ მედიატრაფიკში, სოციალურად სენსიტიური თემის პარალელური პოლიტიზებით. ყველაზე მტკივნეული ტრიგერების: „მიწისა“ და „პურის“ შერჩევა გარანტირებულად უზრუნველყოფს მაქსიმალურ წვდომასა და მაღალ ვირუსულობას სოციალურ ქსელებში. პუბლიკაცია მუშაობს არა როგორც ანალიტიკური რესურსი გადაწყვეტილებების საძიებლად, არამედ როგორც მედიარეზონატორი, რომელიც აძლიერებს საზოგადოებრივ შფოთვას და აყალიბებს ნეგატიურ საინფორმაციო ხმაურს მოქმედი კურსის მკაცრი პოლიტიკური კრიტიკის ინტერესებში. თუ სად “იხარშება” საინფორმაციო ომის ეს ტაქტიკა და ვის მიერ გამოიყენება ეს სტრატეგია, მორიგ ჯერზე აღარ გავიმეორებ. ისედაც საკმაოდ ნათელია (თუ – ბნელია?) ყველაფერი..“ – წერს დავით ქართველიშვილი.
დავით ქართველიშვილი მედიაში გამოქვეყნებულ სტატიაზე: უსახო, ემოციურ იარაღად, აბსტრაქტული „კრიზისი“ მიწოდებულია, როგორც გარდაუვალი და ტოტალური კრახი, რომელიც აგროსექტორს გადარჩენის შანსს არ უტოვებს
Facebook Comments Box










